ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“მხოლოდ სიყვარულს შევთავაზებ ჩემს მეგობარ აფხაზებს” – ხათუნა ჩარგაზია

27 მარტი, 2019 • 2711
“მხოლოდ სიყვარულს შევთავაზებ ჩემს მეგობარ აფხაზებს” – ხათუნა ჩარგაზია

ხათუნა ჩარგაზია, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას უნივერსიტეტი, თბილისი


საქართველოსა და მასში არსებული ეთნოკონფლიქტების მოგვარება წინა საუკუნის ხისტი მეთოდებით წარმოუდგენლად მიმაჩნია. გამოსავალს მხოლოდ მოქნილ დიპლომატიაში ვხედავ. 

ამ საკითხზე აფხაზების მაგალითზე ვისაუბრებ, თუმცა ჩემი მოსაზრების განზოგადება შესაძლებელია სხვა ეთნოკონფლიქტებზეც, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით.

ეს არ არის მწყობრი თეორია, მით უმეტეს, ამ მიმართულების სპეციალისტი არ ვარ. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულება და მოსაზრებაა.

აფხაზებისადმი განსაკუთრებულად თბილი და ემოციური დამოკიდებულება მაქვს. გავიზარდე აფხაზეთში, მულტიკულტურულ გარემოში, სადაც ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანური ურთიერთობები იყო. ბევრი დადებითი თვისება განმივითარდა იმ გარემოში. 

დღეს სოციალურ ქსელებში ვურთიერთობ აფხაზ ახალგაზრდებთან, ვუფრთხილდები მათ ნაციონალურ გრძნობებს და ვცდილობ, გული არ ვატკინო.

ბავშვობაში ჩათვალე, რომ აფხაზური ენა უნდა მცოდნოდა, დავიწყე კიდეც სწავლა, თუმცა დილეტანტურად მივუდექი ამ საკითხს და ჩემი აფხაზური მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლება, სამწუხაროდ.

ხშირად მეკითხებიან, ჩემი დადებითი გზავნილის საპასუხოდ, ვიღებ თუ არა იმავეს აფხაზებისგან? არ მაქვს განსაკუთრებული ილუზია, რომ ერთ დღეში გული სიყვარულით აევსებათ ჩვენ მიმართ. ბავშვობიდან იზრდებოდნენ იმ შეგრძნებით, რომ საქართველო მათი მტერია და ყველაფერი ცუდი ჩვენ გვიკავშირდება. ერთ დღეში ამ ნეგატიური ემოციის ჩანაცვლება სიყვარულით რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ამისათვის საჭიროა, სახალხო დიპლომატიის გააქტიურება და მოთმინება. თუმცა ეს არის მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორი და არა პრობლემის გადაწყვეტის ხერხემალი.

ჩვენ უნდა შევთავაზოთ კრებითი „სიყვარული“, რომელშიც მათთვის მყარი ეკონომიკურ-პოლიტიკური გარანტიების შექმნას, რუსული ფინანსების სრულად ჩანაცვლებას, დიდი რაოდენობით ინვესტიციების განხორციელებას აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათი იდენტობის პატივისცემას ვგულისხმობ.

ამასთანავე, მათთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნებით გარკვეული სახის (დიდი ბრიტანეთის მსგავსი) გაერთიანების შექმნა, რომელშიც დომინანტური ფუნქცია ექნება საქართველოს. საერთოდაც, ვთვლი, რომ 21-ე საუკუნეში პატარა ქვეყნების განვითარებისთვის გამოსავალს რეგიონალიზაციაში ვხედავ, მათი ბედი დიდწილადაა დამოკიდებული მსგავს გაერთიანებებში შესვლაზე (მაგ. – ევროკავშირი და ა.შ.).

ჩემთვის საუკუნის მოვლენა იყო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის სიტყვა ლორდთა პალატის წინაშე, რომელიც შოტლანდიელთა რეფერენდუმის წინ წარმოთქვა.

ჩემთვის ძალიან სერიოზული გზავნილი იყო ამ სიტყვაში. კამერონის აზრით, მცირე ერებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს, დამოუკიდებლად განვითარების უფლება აქვთ, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს  ბევრი ნეგატიური და დადებითი მოვლენა  და მათი გადასაწყვეტია, თუ რა გზას აირჩევენ.

ჩვენ ყველას გვახსოვს შოტლანდიელების პასუხი რეფერენდუმზე. მათ აირჩიეს მყარი გარანტიები და დარჩნენ ბრიტანეთის შემადგენლობაში. ვოცნებობ, საქართველომაც იგივე შესთავაზოს და იგივე როლი ითამაშოს აფხაზებისა და ოსების ცხოვრებაში.

ჩვენი ქვეყნის უახლეს ომებში თვალნათლივ ვნახეთ, რომ არცერთ მხარეს არ მოუგია. უფრო მეტიც, აფხაზები საკმაოდ დაზარალდნენ. ფინანსურად მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებული, საკანონმდებლო ორგანოში ყველა დოკუმენტი იწარმოება რუსულად, რუსულ ენას მიენიჭა აფხაზურთან გათანაბრებული სტატუსი. დამოუკიდებლობის ილუზორული განცდაც გაუქრო რუსეთმა – შეიერთა აფხაზური ჯარი დ,ა ფაქტობრივად, რუსული ჯარი ახორციელებს საზღვრის მონიტორინგს.

დემოგრაფიული სურათიც საკმაოდ მძიმეა. აფხაზები კვლავ უმცირესობაში არიან.

აფხაზების დღევანდელი მდგომარეობა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, გული შემტკივა მათზე, როგორც ჩვენს განუყოფელ ნაწილზე, და ვფიქრობ, მომავალში ჩვენ კვლავ ერთობლივი განვითარების გზას დავადგებით.

ამისათვის საქართველოს დანარჩენი ნაწილი უნდა გაძლიერდეს ეკონომიკურად და პოლიტიკურად, რათა შეძლოს ზემოთ დასახული ამოცანების განხორციელება.

მანამდე კი მე მხოლოდ სიყვარულს შევთავაზებ ჩემს მეგობარ აფხაზებს, მოვძებნი მხოლოდ იმას, რაც გვაერთიანებს. ხოლო ჭეშმარიტება, რომელსაც კონფლიქტამდე მივყავართ, სულაც არაა მთავარი.


გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი