ახალი ამბები

მოწოდებებმა, არ ისჯებოდეს კადრების გადაგზავნა, შეიძლება დანაშაული წაახალისოს — მეზვრიშვილი

27 მარტი, 2019 • 1199
მოწოდებებმა, არ ისჯებოდეს კადრების გადაგზავნა, შეიძლება დანაშაული წაახალისოს — მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მოწოდებები, ნაკლებად ისჯებოდეს ფარული კადრების გავრცელება პირადი შეტყობინების სახით (გადაგზავნა), შესაძლოა, დანაშაულის ჩადენის წამახალისებელი გახდეს და ყველას მოუწოდებს, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

26 მარტს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ორი კვირის განმავლობაში იყო ატვირთული ერთ-ერთ ვებსაიტზე. ვიდეოს, რომელიც 27 მარტს უკვე წაშლილია, 6 ათასამდე ნახვა ჰქონდა. ამ საქმეზე, მინისტრის მოადგილის თანახმად, მოზარდია დაკავებული.

“სამწუხაროა, რომ ხშირად ისმის საზოგადოების გარკვეული წრეების მხრიდან, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, მოწოდებები, თითქოს რაღაც ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს, თითქოს [პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების] გადაგზავნა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე [საიტზე] ატვირთვა და ა.შ”, — განაცხადა 27 მარტს ნათია მეზვრიშვილმა.

“ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას ვიზიარებთ, მაგრამ ამ ადამიანებმაც კარგად უნდა გააცნობიერონ და საკუთარ თავს შეკითხვა დაუსვან, როდესაც ამგვარ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს დანაშაულის ჩადენის წამახალისებელი”, — განაცხადა მეზვრიშვილმა და კიდევ ერთხელ განმარტა:

“მოზარდი გვყავს ამ საქმეზე დაკავებული ამ ატვირთვის ფაქტზე და ვთხოვთ ყველას, რომ ასეთი მოწოდებებისგან თავი შეიკავონ. ეს არის დანაშაული. გავრცელება — შენახვაც, გადაგზავნაც, ატვირთვაც — ისჯება. როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი