ახალი ამბები

კალაძე ამბობს, რომ ტვერელის ეკლესიასთან მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს

27 მარტი, 2019 • 1058
კალაძე ამბობს, რომ ტვერელის ეკლესიასთან მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს

კახა კალაძე მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიასთან მიმდინარე სამუშაოებს ეხმაურება და ამბობს, რომ მშენებლობა ყველა კანონის დაცვით მიმდინარეობს. თბილისის მერი განმარტავს, რომ ამ ადგილას არათუ კორპუსები, არამედ ორი სამსართულიანი ტერასული ტიპის სახლი აშენდება.

“ტვერელის ეკლესიასთან, 8 მარტის ქუჩაზე, სადაც ადრე ბარაკები იყო და გულწრფელად ვიტყვი, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ იქ ადამიანები, დღეს მათი პირობების გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებლის მშენებლობა ხდება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ არანაირ კორპუსებზე არ არის საუბარი, ეს არის ორი სამსართულიანი ტერასული ტიპის სახლი. აქ არც კოეფიციენტის მატება არ არის… სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს პროცესი,” – ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, როდესაც მშენებლობის ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა, მასაც გაუჩნდა ეჭვი, თუ რა ხდებოდა.

“ყველა გაცემულ ნებართვას პირადად ვერ და არც შევამოწმებ, ამისთვის შესაბამისი საქალაქო სამსახურები არსებობს, ვინც პასუხისმგებლელია… მეც დამაინტერესა, თუ რასთან გვქონდა საქმე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა კანონის დაცვით მიმდინარეობს პროცესი,” – ამბობს თბილისის მერი.

კალაძე ამბობს, რომ მშენებლობამდე ადგილზე იყო დაახლოებით 7 ბარაკული ტიპის სახლი. მერი ასევე დასძენს, რომ მერიამ ინვესტორი დაავალდებულა, ეკლესიის ღობის გამაგრებითი სამუშაოები ჩაატაროს.

მთაწმინდაზე, მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიასთან სამუშაოების დაწყება პირველად “ტფილისის ჰამქარმა” გააპროტესტა და დაწერა , რომ მშენებლობის ნებართვა არ უნდა გაეცათ, რადგან ის მკაცრი დაცვის ზონაში ექცევა.

“ჰამქრის” თანახმად, რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან სამუშაოები მიმდინარეობს, არქიტექტურის სამსახურს პროექტი შეთანხმებული აქვს და მშენებლობის ნებართვა კი— გაცემული. ტვერელის ეკლესია XX საუკუნის დასაწყისშია აგებული და გამორჩეულ ტაძრად მიიჩნევა.

კალაძემ დღეს განმარტა, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების პასუხისმგებლობა იყო, უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა და ამ ჯგუფისთვის სრული ინფორმაცია მიეწოდებინა. მერმა ასევე დაავალა თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს, რომ ჯგუფთან შეხვედრები გამართოს.

კალაძე ამბობს, რომ ტვერელის ეკლესიასთან მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი