ახალი ამბებიხელოვნება

87 წლის ასაკში მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

27 მარტი, 2019 • 3432
87 წლის ასაკში მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები წერენ.

1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ნოდარ მგალობლიშვილმა მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში. თავდაპირველად ასახიერებდა მარტივ, დადებით პერსონაჟებს, მაგრამ მალევე იპოვა საკუთარი თავი სპეციფიკური როლების შემსრულებელში. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის “ფსკერზე”, ჰენრიკ იბსენის “მოჩვენება”. უფრო მოგვიანებით- ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა”, იაგოს როლი უილიამ შექსპირის “ოტელოში”, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებში”.

კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი  მარკ ზახაროვის  ფილმ “სიყვარულის ფორმულაში” გრაფი კალიოსტროა.

1986-დან ნოდარ მგალობლიშვილს კინოში ნაკლები როლი ჰქონდა. ამ პერიოდში გადაღებული ნამუშევრებიდან ითამაშა ედმონდ სეშანის “ზღვის მაშვრალში”, ზაზა ილურიძის “ანთიმოზ ივერიელში”, რუსულ ტელესერიალში “სახელად ბარონი” და ა.შ.

ნოდარ მგალობლიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტია 1976 წლიდან და სახალხო არტისტი- 1979 წლიდან.

2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი