ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დირექტივას საავტორო უფლებების შესახებ

26 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დირექტივას (კანონს) საავტორო უფლებების შესახებ, რომელსაც დიდი კომპანიები ეწინააღმდეგებოდნენ, და მოწინააღმდეგეების თანახმად, ინტერნეტის ბუნების შეცვლა შეუძლია. “საავტორო უფლებების შესახებ დირექტივას” 348 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 278-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ახალი წესები, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ, თუკი მათ პლატფორმაზე კონტენტი საავტორო უფლებების შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოქვეყნდება.

BBC-ის თანახმად, ბევრი მუსიკოსი და ხელოვანი ამბობს, რომ ახალი კანონები არტისტებს სამართლიანად ექცევა და შესაფერისი კომპენსაციის გარანტიებს აძლევს, თუმცა მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს კანონები მომხმარებლის გენერირებულ კონტენტს (UGC) გაანადგურებს.

საავტორო უფლებების შესახებ კანონები ბოლოს 2001 წელს შეიცვალა. ამჟამად მიღებული დირექტივა კანონპროექტის დონეზე მრავალი ცვლილების შემდეგ მიიღეს. ახლა ჯერი წევრ ქვეყნებზეა — მათ უნდა გადაწყვიტონ, დაუჭერენ თუ არა მხარს ამ დირექტივას. თუკი ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ მოუწევთ, ორი წლის განმავლობაში დირექტივასთან შესაბამისობაში მოიყვანონ შიდა კანონმდებლობა.

ორი ძირითადი პუნქტი, რის გამოც დირექტივის მიღებას ეწინააღმდეგებიან, მე-11 და მე-13 მუხლებია. მე-11 მუხლი ამბობს, რომ საძიებო სისტემებმა და ახალი ამბების “აგრეგატორმა” პლატფორმებმა (მაგალითად, როგორიცაა ფეისბუქი და “გუგლ ნიუზი” (Google News)) გარკველი თანხა უნდა გადაუხადონ ახალი ამბების საიტებს, თუკი სურთ, რომ მათი ბმულები გამოიყენონ.

მე-13 მუხლი კი დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს (მაგალითად, იუტუბსა და ფეისბუქს) კონტენტის საავტორო უფლებების ლიცენზიის გარეშე განთავსებისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს. ისინი ვალდებულები ხდებიან, პლატფორმებზე განათავსონ ფილტრები, რომლებიც საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევებს დააფიქსირებს.

ორი ათასზე მეტმა არტისტმა მხარი დაუჭირა პეტიციას, რომელიც კანონმდებლებს დირექტივის მიღებისკენ უბიძგებდა; სხვადასხვა გამოცემამ, მაგალითად, Financial Times-მა დაწერა სარედაქციო სვეტები, სადაც წერენ, რომ აღნიშნული რეფორმა, მართალია, მძიმეა, თუმცა- საჭირო. არტისტებს შორის, ვინც მხარს უჭერდნენ ცვლილებებს, იყვნენ პედრო ალმოდოვარი, მიშელ ჰაზანავიჩუსი და ა.შ. თუმცა დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, მაგალითად, Google, ინტერნეტ-აქტივისტები და ტექნოლოგიური სტრატაპები ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com