ახალი ამბები

დეპუტატი ითხოვს, ქონების გადასახადის ზღვარი 60 ათასამდე გაიზარდოს

26 მარტი, 2019 • 1146
დეპუტატი ითხოვს, ქონების გადასახადის ზღვარი 60 ათასამდე გაიზარდოს

ის ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე (დაუბეგრავი) მეტია და 60 ათასზე ნაკლები, შესაძლოა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც ოპოზიციონერი გიგი წერეთელია და რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე შევიდა. განმარტებითი ბარათის თანახმად, დღეს ქონების გადასახადზე არსებული ზღვარი 40 ათასი ლარია, რაც 60 ათას ლარამდე უნდა გაიზარდოს.

“ეს საშუალებას მისცემს ათასობით ადამიანს, შეუმცირდეთ სამთავრობო ბეგარა და ამით დააბალანსონ ის ზარალი, რასაც ნახულობენ გაუფასურებული ლარით, გაზრდილი საწარმოო ფასებით და მაღალი ინფლაციით,”-წერია განმარტებით ბარათში.

მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური პირი (მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირი) ქონების გადასახადის გადამხდელია: თუ საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების მფლობელია და ამ პირის ოჯახის  წინა წლის  შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ცვლილება 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი