ახალი ამბებირეკლამა

დავით კაკაბაძის შემოქმედება თიბისის ციფრულ არხებში

26 მარტი, 2019 • 3078
დავით კაკაბაძის შემოქმედება თიბისის ციფრულ არხებში

როგორ შეიძლება, გენიალური მხატვარი  უფრო და უფრო მეტ ადამიანს გააცნო ისე, რომ არც ზედმეტი დრო და რესურსი დახარჯოს და არც ზედმეტი ინფორმაციით გადაიტვირთოს?

თუკი ენერგიული და კრეატიული ტექნიკური ჯგუფი გყავს, ამ კითხვაზე პასუხის პოვნა რთული არ არის: დაიტანე მისი ნამუშევარი ისეთ ადგილას, რომელსაც ათასობით ადამიანი ყოველდღიურად შეხედავს.

სწორედ ასე გადმოინაცვლა ქართველმა მოდერნისტმა ფერმწერმა – დავით კაკაბაძემ ისტორიის ფურცლებიდან და გალერეებიდან ციფრულ სამყაროში. რამდენიმე დღეა თიბისის ინტერნეტბანკისა და მობაილბანკის მომხმარებლებს კაკაბაძის იმერული პეიზაჟების სერიიდან, ნამუშევარი – “წითელი მთა”, პირველივე გვერდზე ხვდება.

ნამუშევრის თიბისის ციფრულ არხებში გამოჩენა მხატვრის 130 წლის იუბილეს უკავშირდება.

როგორც თიბისის ციფრული ბანკის განვითარების ხელმძღვანელი – გიორგი ვახტანგიშვილი ამბობს, თიბისის სტრატეგიული მიმართულება ციფრული არხების განვითარება და ამ არხებით ხელოვნების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოდერნისტი მხატვარი და მისი ნამუშევრები განსხვავებული გზებით წარედგინათ მომხმარებლების წინაშე და პროექტის კომუნიკაციაც პირველ ეტაპზე ციფრული არხებით დაეწყოთ.

დავით კაკაბაძის საიუბილეო კამპანიის კურატორი ნინა ახვლედიანი გვიხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დავით კაკაბაძის შემოქმედება თიბისიმ ახლებურად გააცნოს საზოგადოებას: “ეს ტექნოლოგიურად საინტერესო ფორმატია, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ განსხვავებული კომუნიკაცია შედგეს. თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს ყოველდღიურად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს და შესაბამისად, კაკაბაძის გაცნობის შესაძლებლობა ბევრ ადამიანს ეძლევა. თუმცა, ამ კამპანიის ციფრული არხებით კომუნიკაცია, მხოლოდ დასაწყისია. თიბისი მუდმივად იყო როგორც თანამედროვე, ასევე XX საუკუნის ხელოვანების მხარდამჭერი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი კონკრეტული პროექტების ინიციატორი იყო, სადაც კულტურული მემკვიდრეობის გადააზრების შესაძლებლობა გვეძლეოდა”.

ერთ-ერთი ასეთი ხელოვანი პეტრე ოცხელი იყო, რომლის 110 წლის იუბილეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით 12-მა ახალგაზრდა ხელოვანმა მხატვრის შემოქმედება სხვადასხვა თანამედროვე ფორმით გააცოცხლა.

„დღეს ახალგაზრდა თაობას ბევრად უმარტივდება ინფორმაციის მიღება კულტურულ მემკვიდრეობასა და ხელოვნებაზე, როდესაც ეს ახლებურადაა მოწოდებული. თიბისის მიზანია, მასშტაბური კამპანიით, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში გავაცნოთ მომხმარებლებს დავით კაკაბაძე. ყველა ასაკის ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, უფრო მეტი გაიგოს და სხვა ჭრილში, ახალ კონტექსტში დაინახოს სახელოვნებო მემკვიდრეობა.“- ნინა ახვლედიანი, პროექტის კურატორი.

დავით კაკაბაძე, რომელიც რეალისტურთან ერთად, კუბისტური ხასიათის ნამუშევრების ავტორია, 1889 წელს დასავლეთ საქართველოში, სოფელ დიდ კუხში დაიბადა. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემედგ, სწავლა პეტერბურგში გააგრძელა. 1920-იან წლებში, 8 წლის განმავლობაში მსოფლიო ხელოვნების ცენტრში – პარიზში ცხოვრებამ, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილისა და სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების გვერდით მოღვაწეობამ, მის შემოქმედებაზე წარუშლელი კვალი დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი