ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ქართულ მხარეს მსხვილფეხა საქონლის საზღვარზე გადაადგილების კონტროლისკენ მოუწოდებს

19 სექტემბერი, 2014 • • 1026
ცხინვალი ქართულ მხარეს მსხვილფეხა საქონლის საზღვარზე გადაადგილების კონტროლისკენ მოუწოდებს

სააგენტო “რეს”-ის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის მხრიდან დელეგაციას პოსტკონფლიქტურ საკითხებში პრეზიდენტის  სრულუფლებიანი წარმომადგენელი ხოხ გაგლოითი ხელმძღვანელობდა, რომლის თქმითაც,  შეხვედრაზე მათმა მხარემ სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები დააყენა. 

 

“აქცენტი გავაკეთეთ ორ შემთხვევაზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრზე არსებული სასაზღვრო ნიშნების მიზანმიმართულად დაზიანებას შეეხებოდა. ერთ შემთხვევაში სროლა ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელდა, რაზეც ქართულმა მხარემ თქვა, რომ მას არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია,”- ამბობს გაგლოითი.

 

როგორ ის ამბობს, სამხრეთ ოსეთის მხარე შეეცადა დამსწრეები დაერწმუნებინა, რომ სროლა ნამდვილად საქართველოს მხრიდან განხორციელდა და მოუწოდა ქართულ მხარეს, ყველაფერი გააკეთოს მომავალში, რომ მსგავსი ინციდენტები არ დაუშვას. 

 

გარდა ამისა, გაგლოითი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ საქართველოს მოუწოდა მსხვილფეხა საქონლის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადმოსვლის ფაქტები არ დაუშვან, ვინაიდან, მისი განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ საქონელი მოიპარონ.

 

“ყველას კარგად გვესმის, რა მატერიალურ ღირებულებასაც წარმოადგენს საქონელი გლეხებისთვის. ამიტომ მოვუწოდეთ ქართულ მხარეს, ეს საკითხი შეისწავლოს. შევთავაზეთ, რომ მონაკვეთებში, სადაც საქონელი ხშირად მოძრაობს, გარკვეული ბარიერები მოაწყოს. მათი მოწყობა საკმაოდ ადვილია, არ საჭიროებს მავთულხლართებს,”- ამბობს გაგლოითი. 

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ერგნეთში გამართულ 48-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოსურ მხარესთან იმსჯელა მოსწავლეების გადაადგილების საკითხებზე სახლიდან სკოლამდე. 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მოსწავლეთა გადაადგილების პრობლემის გადასაჭრელად ტექნიკური დეტალების მოგვარებაა საჭირო, რისთვისაც ოსურმა მხარემ დრო ითხოვა.

 

სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ დააყენა ახალგორის მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების საკითხი და კიდევ ერთხელ გააპროტესტა გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და ღობეების გავლება. ერგნეთში მომდევნო – 49-ე შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.


ცხინვალი; ფოტო: რია ნოვოსტი
ცხინვალი; ფოტო: რია ნოვოსტი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი