ახალი ამბები

საკრებულო ჩავაბარე და მალევე შევარდნაძესთან “მოადინა ტყაპანი” – ნათელაშვილი კახაძეზე

25 მარტი, 2019 • 2187
საკრებულო ჩავაბარე და მალევე შევარდნაძესთან “მოადინა ტყაპანი” – ნათელაშვილი კახაძეზე

ლეიბორისტიული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ლადო კახაძე 1998 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე პირადად დანიშნა, თუმცა მან რამდენიმე თვეში უღალატა და ედუარდ შევარდნაძის პარტიაში გადავიდა.

“1998 წელს ეს ბატონი მოვიყვანეთ პარტიაში ჩვენთან, როგორც წარჩინებული გინეკოლოგი-ექიმი, ქალბატონების იმედი. მეც აღფრთოვანებულმა იმით, რომ გამოადგებოდა დედაქალაქს, მედიცინას, საზოგადოებას, ჩავწერე სიაში და დავნიშნე პირდაპირი გაგებით თბილისის საკრებულოს თავმჯდოამრედ, საიადანაც რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში. მან უღალატა პარტიას და იმ ხალხს, ვინც ის აირჩია დედაქალაქის დეპუტატად და საკრებულოს თავმჯდოამრედ. ალბათ, ივანიშვილს მოღალატე ლეობორისტების გარდა, არავინ აღარ დარჩა, ყველა გამოექცა და გამოექცევა. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ისინი,” – განუცხადა რუსთავი 2-ს შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებას მმართველი პარტიიდან არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ლეიბორისტულ პარტიაში დიდხანს ვერც ერთი ადამიანი გაძლებდა, მით უმეტეს – ლადო კახაძე.

“ლადო კახაძე ძალიან პოზიტიური და გამოცდილი ადამიანია. დღეს მოვისმინეთ რაღაც სამარცხვინო განცხადებები მისი მისამართით და თუ რომელიმე მეტყვით, რა აქვს მას კონკრეტულად გაფუჭებული, ან რა დანაშაული აქვს ქვეყნის წინაშე ჩადენილი, მაშინ კიდევ უფრო მეტი პასუხებისთვის ვარ მზად. თქვენ ვერ მეტყვით ამ მაგალითს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს, 25 მარტს, ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ექიმი, პოლიტიკოსი, მოცეკვავე და პოეტი ლადო კახაძე წარადგინა.

1998-2002 წლებში ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ლადო კახაძე ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო, რომელმაც 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო, თუმცა ის მალევე გადავიდა ედუარდ შევარდნაძის პარტიაში. კახაძე განმარტავს, რომ ლეიბორისტები თავად დაუკავშირდნენ და შესთავაზეს მათ პარტიაში მისვლა, თუმცა მათ პოლიტიკურ იდეოლოგიას არ იზიარებს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ლადო კახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” 60 000 ლარი შესწირა და ამავე პარტიის სახელით კენჭი იყარა მთაწმინდის ოლქში, სადაც მხოლოდ 618 ხმა მიიღო. მასზე მეტი ხმა მოაგროვეს სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა რურუამ, ნიკოლოზ ფრუიძემ, დავით თევზაძემ, ლადო სადღობელაშვილმა, თამარ კორძაიამ და გრიგოლ ბარამიძემ.

ვრცლად:

“ოცნებამ” მთაწმინდაზე ლადო კახაძე წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი