თბილისში ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

27 მარტს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის,  ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

საქართველოში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, თბილისში პირველად იქნება წარმოდგენილი ჯორჯო დე კირიკოს ექსპოზიცია, რომელიც 1920-1970-იან წლებში შექმნილ 14 სურათსა და 1 ქანდაკებას მოიცავს.

გამოფენის, სახელწოდებით “ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” ორგანიზატორები არიან იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე მაურიციო ვანი. გამოფენა კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით იმართება. ეს ღონისძიება ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის ეპოქის გენიალური მხატვრების, ბერნინისა და ბაროკოს დიდოსტატების, თანამედროვე იტალიელი მხატვრების შედევრების, ასევე, კარავაჯოსა და ლეონარდო და ვინჩისადმი მიძღვნილ გამოფენათა სერიის გაგრძელებაა. გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, საქართველოს მხრიდან კი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ცნობით, ღონისძიებებმა, რომლებიც იტალიის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა, დღემდე მნახველთა რეკორდული რაოდენობა, 120 000-მდე დამთვალიერებელი მიიზიდა.

გამოფენა ორი თვის განმავლობაში, 27 მაისამდე გაგრძელდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი