ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

გამარჯობა, უჩინარო! – წერილი სოხუმიდან

26 მარტი, 2019 • 2381
გამარჯობა, უჩინარო! – წერილი სოხუმიდან

წერილი თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „ანაკლია“ – 2019

„წერილები სოხუმიდან“ არის ჟურნალ „ანაკლიის“ სპეციალური პროექტი.  პროექტი აერთიანებს წერილებს, რომლებსაც პირობით საზღვარს მიღმა დარჩენილები სწერენ სხვა მხარეს მცხოვრებ მეგობრებს.


გამარჯობა, უჩინარო!

ერთ ამბავს უნდა მოგიყვე. ცოტა შორიდან დავიწყებ. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ერთმა ოლიგარქმა ჟურნალისტად დამასაქმა გამომცემლობაში, რომელიც ადგილობრივი საზომით საკმაოდ მსხვილ გამომცემლობად ითვლებოდა. მთელი ჩემი სამუშაო იმით შემოიფარგლებოდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს  „დავყუდებულიყავი“ ან, როგორც „ქსელის ჭიები“ ამბობენ, „მეყურყუტა ინტერნეტში“, თვალი მედევნებინა ახალი ამბებისთვის, შემედგინა დაიჯესტები და ლანგრით მიმერთვა მისი უდიდებულესობისათვის უკვე ამობეჭდილი სახით,  arial 12 ფორმატში. ახალი ამბების რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა – მთავარია, რამე ყოფილიყო. რაც შეეხება თემებს – კოსმონავტიკიდან მსოფლიო სტომატოლოგიის მიღწევებამდე, გეოგრაფიით ნიუ-იორკიდან გერგემიშამდე.

როგორც ჩემი ამქარი-კოლეგები ამბობენ – „საუკეთესო ახალი ამბავი  ახალი ამბების არარსებობაა“. აქ კი ნამდვილად შევცდი, რადგან სწორედ ეს პრინციპი არ აძლევდა ხელს ჩემს უფროსს და მთელ კოლექტივს, რადგან დიდწილად ჩემს სამუშაოზე იყო დამოკიდებული მისი გუნება-განწყობა, რომელიც მთელ ჩვენს კოლექტივზე აისახებოდა.  ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სამუშაო აშკარად მარტივი იყო, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით – სწორედ რომ პროფესიონალი უქნარას შესაფერისი. თუკი მსოფლიო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაზე ნიჭიერი ადამიანები ზარმაცები არიან, მაშინ ჩემს უფროსს დედამიწაზე ყველაზე ნიჭიერი ჟურნალისტი უპოვია. ამ საქმეში ბადალი არ მყავდა.

ასე და ამგვარად, მრავალი წლის შემდეგ, შეისწავლა რა ჩემი უნაკლო რეპუტაცია და, ცხადია, ჩემი ტალანტი, ჩემმა მომავალმა უფროსმა ამ სამუშაოზე მიმიწვია.

ახალ სამსახურში უზარმაზარი და კომფორტული კაბინეტი მელოდა, იქვე აივანი – მოსაწევად, უახლესი კომპიუტერი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეუზღუდავი ინტერნეტი. მართლაც რომ ნამდვილი სამოთხე ნიჭიერი უქნარასთვის.

და დაუყოვნებლივ გამოვფინე საკუთარი თავი ყველა შესაძლო სოციალურ ქსელში, რომლებიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ამ აბლაბუდაში. კიდევ კარგი, რომ იმ მომენტში მხოლოდ 3 იყო, თორემ უკვე ერთ თვეში სამსახურიდან მომისროდნენ.

და აჰა, დუღდა და გადმოდუღდა აქტიური მუშაობა ყველა მიმართულებით – ფოტოები, ლაიქები, კომენტარები ფოტოებზე სრულიად უცნობი ადამიანებისგან. თვალსა და ხელს შუა სამყარო საოცრად ციცქნა და ხელმისაწვდომი ხდებოდა. პლანეტა დედამიწა კი ჩოგბურთის ბურთად გადაიქცა… ჩემი გულმოდგინე მუშაობის რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიპოვე ჩემი მეგობრები, თანაკლასელები, თანაკურსელები, უბრალოდ, საკურორტო რომანების მსხვერპლები. მოკლე დროში რამდენიმე ათასი ყოფილი და ახლანდელი, რეალური და ვირტუალური „კუბოს კარამდე მეგობარი“ შევაგროვე, რომელთა შორის ჭარბობდნენ ამ დრომდე სავსებით უცნობი ადამიანები. უმრავლესობა გამოგონილი სახელითა და ნიკით მოქმედებდა, სხვადასხვა ავატარით. მოვახერხე და „დავუმეგობრდი“ უთვალავი რაოდენობის ავატარებსა და ფისოების გამოსახულებებს, გლამურულ სურათებს… ნაყოფიერი შრომის შედეგად წარმოუდგენელი რაოდენობის ვირტუალურ კატასთან დავიწყე მეგობრობა. მათ რიგებში შეიპარა ერთი ველური – შავი ჯიქი. ასე გადიოდა ჩემი სამუშაო დღეები – უფროსისთვის სიახლეების შეგროვებასა და უცნობ კატებთან ურთიერთობაში.

რამდენიმე ხნის შემდეგ ყურადღება მივაქციე, რომ შავი ჯიქის ავატარიანი ექაუნთი რეგულარულად ჩნდებოდა ჩემს გვერდზე. ამ რეგულარობის მიხედვით საათის გასწორებაც კი შეიძლებოდა – დილის 9 საათზე, სადილობისას და, როგორც წესი – ღამის 12 საათის შემდეგ. შავი ჯიქი აშკარად საფარში იჯდა, ჩემს გვერდზე თავისი შემოსვლის არანაირ კვალს არ ტოვებდა, გარდა ჩემ მიერ გამოფენილი ფოტოების ნახვისა. არცერთი კომენტარი ან მოწონება! ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ საფარში მჯდომი ველური კატა უბრალოდ არჩევს მსხვერპლს. ასე გაგრძელდა თვეზე მეტხანს.

ჩემს შეკითხვებზე: „ვინ ბრძანდებით, ძვირფასო?“ პასუხად სრულ იგნორირებას ვიღებდი. რამდენიმე მცდელობის შემდეგ – გამეგო მის შესახებ თუნდაც რაიმე – პასუხად სამარისებური სიჩუმე მივიღე და უბრალოდ შევწყვიტე რეაგირება, მაგრამ იმან, თუ როგორი შეუპოვრობით დაძვრებოდა ეს „კატა“ ჩემს ტერიტორიაზე, ჩემში ინტრიგა გააღვიძა. „ვის შეიძლება, ასე ჯიუტად ვძულდე? ვინ მდევნის ასე? და, რაც მთავარია, რატომ?“ამგვარი აზრები სულ უფრო და უფრო ხშირად ღრღნიდა ჩემი ტვინის ქერქს..

ერთ მშვენიერ დილას, როდესაც ქსელებში მორიგ ახალ ამბებს დავეძებდი, თვალში მომხვდა ქალის მშვენიერი სახელი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვურად მითრთოლებდა გულს.   

საკმარისი იყო, გამეგო ან წამეკითხა ეს სახელი და ყურებამდე ვწითლდებოდი, ვიბნეოდი, როგორც სამსხვერპლოზე მიმავალი ცხვარი. გარდა ამისა, საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ მთელი ორი ათწლეულია, ეს სახელი არასდროს წარმომითქვამს. მადლობა ღმერთს, რომ ჩემს სამშობლოში თითქმის ვერ შეხვდები ქალს, ეს სახელი რომ ერქვას და ეს მდგომარეობას მიმსუბუქებდა.

სულ უფრო მეტად ჩავიძირე მოგონებების უფსკრულში, ბავშვობის წლებში. გამახსენდა მშობლიური სახლი, მეხსიერებაში აღბეჭდილი სახეები, ხშირად ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო ადამიანები… მეხსიერებაში ამოტივტივდა პერსონაჟები, რომელთა არსებობის შესახებაც დიდხანს ვარიდებდი თავს ფიქრს. მოულოდნელად ჩემი მკაცრი ფრანგულის მასწავლებელი გამახსენდა, რომლის წყალობითაც დღემდე მახსოვს ცნობილი და ლეგენდარული სიმღერის „სულიკოს“ ტექსტი ჰიუგოს ენაზე. თავს დამატყდა არეულ-დარეული ფრაგმენტები ბავშვობიდან, რომლებიც სამუდამოდ მტვერწაყრილი იყო არა მხოლოდ ასაკის გამო, არამედ იმიტომაც, რომ შეუძლებელი იყო მათთან დაბრუნება თუნდაც ერთი წამით, თუნდაც იმისთვის, რომ ცალი თვალით მაინც შემეხედა მშობლიური ჭაობიანი მინდვრებისთვის, სადაც, ინტერნეტის ფოტოების თანახმად, უკვე ცათამბჯენების ზღვა აღმართულიყო.

ომი დროისა და სივრცის საშინელი წყალგამყოფია. შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე დაუძლეველი წინააღმდეგობაც კი ადამიანის ცნობიერებაში. 

ერთ დილას მტკიცედ გადავწყვიტე, გამომეთვალა, ვინ იყო ეს „უჩინმაჩინი“.

სწრაფად წავიმუშავე ქსელებში უფროსისთვის და ჩემს ექაუნთს ჩავუჯექი. და, რასაკვირველია, უშეცდომოდ აღმოვაჩინე სწორედ ამ იდუმალი, აღრენილი შავი ჯიქის ავატარიანი „უჩინმაჩინის“ სტუმრობის უკვე ტრადიციული კვალი.

დიდხანს არ მიფიქრია და ნამდვილ შეტევაზე გადავედი.

„რატომ მიღალატე?“ ჩემი პირველი შეტყობინება პირადში, ქართულ ენაზე რუსული შრიფტით. ისე  მოურიდებლად, მისალმების გარეშე… მართლაც რომ უტიფრად.

პაუზა. სიჩუმე. მაგრამ მწვანე „ციმციმამ“ გასცა თანამოსაუბრე. ის ქსელშია და ვერ დაიმალება.

ორი ვარიანტი აქვს გაქრეს ან უბრალოდ იგნორირება გაუკეთოს ჩემს შეტყობინებას. რამდენიმე წუთის შემდეგ შეტყობინების ფანჯარაში ვხედავ სიტყვას „ბეჭდავს“… და იქვე „შლის“… ისევ „ბეჭდავს“… „შლის“. „ბეჭდავს“… და ისევ „შლის“. და ასე ათჯერ მაინც. ჩემი თანამოსაუბრე აშკარად ნერვიულობდა. ყოყმანობდა ეპასუხა თუ არა. თუ მიპასუხებს, თავს გაამჟღავნებს და მაშინ მის ინკოგნიტო კარიერას ბოლო მოეღება. პაუზა.

უცნაურია, მაგრამ მე თვითონ საშინლად ავღელდი, ვგრძნობ, რომ ვწითლდები, მიუხედავად ჩემი აშკარად არასკანდინავიური გარეგნობისა. რამდენი ხანია, ასეთი ბავშვური ალმური არ მომდებია, თითქოს კუთხეში დაყენებული სკოლის მოსწავლე ვიყო. ავდექი და სწრაფი ნაბიჯებით კარისკენ წავედი, ჩემი კაბინეტი შიგნიდან ჩავკეტე. არ მინდოდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვინმეს წაესწრო.

არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა მოლოდინში. 10, 20, 30 წუთი. თითქოს წუთები წლებად იქცა.

„მე გიღალატე?“ მოულოდნელად გამოჩნდა შეტყობინება ფანჯარაში.

„ღმერთო ჩემო! ისაა!“ აღმომხდა ხმამაღლა… ნუთუ გამოვიცანი?

„დიახ, შენ!“ ვუპასუხე მაშინვე, როგორც კი პირველმა შოკმა გადამიარა.
პაუზა…  „ბეჭდავს“ შეტყობინებების ფანჯარაში.

„შენ ხომ რუსეთში წახვედი სასწავლებლად. დამტოვე, არ მეხმიანებოდი. ბოლო წუთამდე გელოდი. შენ კი უბრალოდ უნამუსოდ მიმატოვე! ღმერთი არ გაპატიებს“…

„მე არ მაპატიებს ღმერთი? სინდისი გაგაჩნია?“ ასევე უტიფრად ვუპასუხე.

„გამაჩნია. შენგან განსხვავებით. შენ მიმატოვე, მე კი არა“, მპასუხობს შეტყობინებების ფანჯარა.

„როცა გავიგე, რომ ნიშნობა გქონდა იმ „ჯარისკაცთან“, იმავე საღამოს ჩამოვფრინდი, თქვენთან მოვედი ძმასთან ერთად, მანქანით, და მთელი საღამო გელოდი შენს მოტაცებას ვაპირებდი“, სასწრაფოდ მივწერე.

„რას ამბობ? იქ იყავი? ნუ იტყუები!“

„მანქანაში ვიჯექი და მთელი საღამო გელოდი. ყველა მოგიგზავნე, ვინც კი ვნახე. ეზოში უამრავი ადამიანი იყო, სასიძოს სტუმრებიც… ქაოსი, დიდი სუფრისთვის მზადება. ჩემი მოციქულები შენგან ერთადერთი პასუხით ბრუნდებოდნენ: უკვე გვიანია, სასიძოს ნათესავები და თვითონ სასიძოც უკვე აქ არის… და რომ შენ უკვე დათანხმდი ამ ქორწინებას და ბეჭედიც მიიღე… სუფრა გაშლილია და ხალხიც მალე დასხდება. ჩემებს ვთხოვე, როგორმე მოეხერხებინათ, რომ რამდენიმე წუთით მაინც გამოსულიყავი გარეთ. შენს მოტაცებას ვაპირებდი. მაგრამ როგორც მითხრეს, კატეგორიული უარი იყო შენგან“.

„ტყუი! იქ არ ყოფილხარ!“ ჯიუტად მიმტკიცებდა ის.

„არ ვიტყუები, ბავშვებს გეფიცები… რამდენჯერმე გამოხვედი აივანზე. როცა უკვე დაწყებული იყო ლხინი. თამადის სადღეგრძელოებიც კი მესმოდა. ისიც კი შემიძლია, გითხრა, რომელი კაბა გეცვა“.

„და რომელი კაბა მეცვა?“

„რომელიც დედაშენმა ჩამოგიტანა ჩრდილოეთ კავკასიის კურორტიდან. დედაშენთან ერთად შევარჩიე ის კაბა მაშინ, 89 წლის ივლისში, როცა ჩვენი ოჯახები ერთად ისვენებდნენ. შენ იქ არ იყავი, სადიპლომო გქონდა და ჩვენთან ერთად ვერ წამოხვედი“, ვუპასუხე.

„მართალია. ის კაბა მეცვა. ღმერთო ჩემო! ეს როგორ მოხდა? რატომ ვიგებ ამ ყველაფერს 17 წლის შემდეგ? ვინ დამღუპა?“ მიპასუხა…

პაუზა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. გადავწყვიტე, ამ პაუზით მესარგებლა.

„როდესაც შენს ოჯახთან ერთად კურორტზე ვიყავი, თუ გახსოვს, სოხუმში შეტაკება მოხდა ქართველებსა და აფხაზებს შორის“.

„რა თქმა უნდა, მახსოვს. სწორედ მაშინ მოსკოვიდან ვბრუნდებოდი მატარებლით და სოხუმამდე არმისული, ჩვენი მატარებელი ქვებით ჩაქოლეს. ჩაიმსხვრა ფანჯრები, შუშის ნამსხვრევები ზედ მეყარა…“ მიპასუხა ჩემმა თანამოსაუბრემ, სხვისმა ცოლმა…

„ჰოდა, მაშინ დედაშენმა, თითქოს სხვათა შორის, სრულიად მეგობრულად (ხომ გახსოვს, ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით), მითხრა: იცი რა, შვილო, არ მინდა, რომ ჩემი გოგონა სხვა ეროვნების კაცს გაჰყვეს ცოლად. ხომ ხედავ, რა ხდება? ამას კარგი არაფერი მოჰყვება, არ მინდა, მტრობისა და საზღვრების გამო იშვიათად ვნახო შვილები. ეს არ არის ცხოვრება“.

„და ვინმემ რომ მოიტაცოს?“ გავრისკე და ხუმრობით ვკითხე სავარაუდო სიდედრს. მანაც ხუმრობითვე მიპასუხა: „აუცილებლად უკან წამოვიყვან!“

„მაშინ ყველა დიდხანს ვიცინოდით ამაზე“, მივწერე სასწრაფოდ.

„ყველა უსინდისოა!“ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მიპასუხა უჩინარმა.

„იმის თქმა გინდა, რომ შეგეძლო გამოსულიყავი და გავქცეულიყავით?“ სასწრაფოდ ვკითხე.

„ჰო… ალბათ… არ ვიცი…“

პაუზა დიდხანს გაგრძელდა. როგორც ჩანს, ისიც ჩემსავით იმ შორეულ წლებში წავიდა, ბავშვური სიყვარულის ათწლეულში. როდესაც ფრთხილად, ბავშვური გულუბრყვილობით ვუთვალთვალებდით ერთმანეთს, როცა მორიგ არდადეგებს ველოდებოდით, რომ ჩემს მკაცრ დეიდასთან გავქცეულიყავი, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა. მე-6 კლასიდან პირველ კურსამდე ყველას ვუმალავდით ჩვენს გრძნობებს, თუმცა მთელმა სოფელმა იცოდა ეს საიდუმლო. მეგობრებთან ერთად სასწავლო პროცესის დროს ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში გავიქცეოდი იქ, სადაც ის სწავლობდა, რომ მისთვის ჩემი საუკეთესო და ერთგული მეგობრები გამეცნო. ეს გაცნობა სკოლის ღობის სხვადასხვა მხარეს ხდებოდა. და ამავდროულად, ვამჩნევდით, რომ მთელი სკოლა, დირექტორის ჩათვლით, ფანჯრის რაფებზე გადმოყუდებული გვითვალთვალებდა. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, საუბარი არც არაფერს არ შეეხებოდა ხოლმე. მომდევნო დღეს კი, დილით, შეგაბრძანებდნენ დირექტორის კაბინეტში სკოლიდან გაქცევის გამო. ამას ჩვენს ბავშვობაში „შატალო“ ერქვა. იყო ჩემს დროს ასეთი უცნაური მოდა. მაშინდელი ბავშვები ასე ვმალავდით ჩვენს გრძნობებს. ჩავიძირეთ ბავშვობაში, წარსულში, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია.

პაუზა მე დავარღვიე.

„როგორ ხარ? როგორ აეწყო შენი ცხოვრება? გავიგე, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვს ბავშვები, ოჯახი. ვიცი, რომ დედაქალაქში ცხოვრობ“, შევეცადე, ჩვენი საუბარი დამემშვიდებინა.

„კი, ყველაფერი კარგადაა. მაშინ კი მათ, ყველამ ერთად დამღუპეს… ომმა დამღუპა. სამუდამოდ დაგვაშორა…“   ეს სიტყვები ჩვენი საუბრის ბოლო აკორდები იყო.

ამ ამბიდან კიდევ 9 წელი გავიდა. და რადგან ქსელიდან გაქრი, ახლა ასე გწერ ამ წერილს. კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენს ბავშვობას, სტუდენტობას და ამ მიმოწერას, რომელმაც თავიდან მთელი სიცხადით დაატრიალა ძველი ამბები. რადგან ვგრძნობ, არა, დარწმუნებული ვარ, რომ ისევ სადღაც აქ ხარ, ახალი ნიკნეიმით, და თვალს ადევნებ ჩემს ვირტუალურ ცხოვრებას, რომელსაც ყოველდღიურად ვაახლებ ფოტოებით, ლოკაციებით სხვადასხვა ქალაქიდან, აზრებით, რომლებსაც პოსტებად ვდებ. რამდენი გეძებე და სულ უშედეგოდ არ არის ქსელებში შენი სახელი. შეიძლება, ისევ „უჩინარი“ გახდი.

ჩვენი ბავშვობის საერთო მეგობრების შეტყობინებებიდან ვიცი, რომ ყველაფერი კარგად გაქვს, შესანიშნავი დედა და მეუღლე ხარ… თუმცა, სხვისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი