ახალი ამბები

რუსეთმა ვენესუელაში სამხედროები ორი თვითმფრინავით გაგზავნა – Reuters

25 მარტი, 2019 • 1456
რუსეთმა ვენესუელაში სამხედროები ორი თვითმფრინავით გაგზავნა – Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, ვენესუელაში რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩაფრინდა. სააგენტო წერს, რომ  ორი თვითმფრინავი, რომლებშიც რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები და დაახლოებით 100 სამხედრო იყო, ვენესულელის მთავარ აეროპორტში შაბათს, 23 მარტს დაეშვა.

Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ მათი ჩასვლის მიზანი კარაკასსა და მოსკოვს შორის “ურთიერთობების გამტკიცებაა”.

თითქმის სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ ვენესუელაში ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარა, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სამხედრო წვრთნებს უკვე უწოდა რუსეთ-ვენესუელას შორის ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართული ქმედება.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო “სპუტნიკის” ინფორმაციით, ვენესუელაში რუსეთის მაღალჩინოსნები იმყოფებიან, რომლებიც “ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ”. სპუტნიკი ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც, მათივე ცნობით, ვენესუელაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელია.

Rueters-ის ინფორმაციით, საკითხზე კომენტარს არ აკეთებს ვენესუელის ინფორმაციის სამინისტრო. კომენტარს არ აკეთებენ რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. გასული წლის დეკემბერში ვენესუელაში რუსეთის ორი ბომბდამშენი ჩაფრინდა, რისი მიზანიც მადუროს მთავრობის მხარდაჭერის ჩვენება იყო. რამდენიმე დღის წინ ვენესუელის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მომდევნო კვირაში რუსეთი ქვეყანაში მედიკამენტებს გააგზავნიდა, თუმცა მადუროს არ უთქვამს, რა გზით ჩავიდოდა ვენესუელაში სამედიცინო მედიკამენტები რუსეთის ფედერაციიდან. სამაგიეროდ თქვა, რომ თებერვალში მოსკოვმა ვენესუელაში 300 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა.

6 თებერვალს ვენესუელის სამხედროებმა კოლუმბიასთან დამაკავშირებელი ხიდი ბარიკადებით ჩახერგეს. ამით გზა დაუკეტეს ქვეყანაში შესულ ამერიკულ ჰუმანიტარულ დახმარებას.

უკვე რამდენიმე თვეა, ვენესუელაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ქვეყანაში რამდენიმეწლიანი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რამაც პირველადი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებსა და საკვებზე დეფიციტი გამოიწვია, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდო, როგორც ვენესუელის დროებითი ლეგიტიმური მმართველი, აღიარეს ევროპის ქვეყნებმა, აშშ-მა და საქართველომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი