ახალი ამბები

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს – მამუკა ბახტაძე

25 მარტი, 2019 • 796
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს – მამუკა ბახტაძე

ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალულ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით ანაკლიის პორტის მნიშვნელობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

“შავი ზღვა არის ნატოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივესალმებით. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური და შეუცვლელი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში. ჩვენ ნატოსთან ერთად დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იყოს მდგრადი და, ვფიქრობ, ეს უფრო თვალსაჩინო გახდება მომდევნო წლების განმავლობაში. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად, მათ შორის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის მიმართულებით. საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიცოო ვალდებულების შესრულება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც. მან ხაზი გაუსვა რუსეთის ინტერესს შავი ზღვის რეგიონში, რაც ყირიმის ანექსიით გამოიხატა.

“ნატო, რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. მათ შორის, ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზებზე. ნატო-ს ორი ხომალდი არის შავი ზღვის აკვატორიაში – დიდი ბრიტანეთიდან და  საფრანგეთიდან. მნიშვნელოვანი აქცენტბი კეთდება თურქეთზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე. ჯამში, გაზრდილია ჩვენი აქცენტები შავი ზღვის რეგიონში. საქართველოსთან ვმუშაობთ, რომ გამოწვევები იყოს დაძლეული”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი