ახალი ამბები

ამიერიდან ჩემი ცხოვრება შეიცვლება, თავს გამარჯვებულად ვგრძნობ — ლადო აფხაზავა

24 მარტი, 2019 • 1871
ამიერიდან ჩემი ცხოვრება შეიცვლება, თავს გამარჯვებულად ვგრძნობ — ლადო აფხაზავა

ლადო აფხაზავა, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი გურიიდან, მადლობას უხდის გულშემატკივარს, კენიელ კოლეგას გამარჯვებას ულოცავს და მომავალ გეგმებზე საუბრობს:

“უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის”, — წერს ლადო აფხაზავა.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა. იგი ერთ მილიონ აშშ დოლარს მიიღებს ჯილდოდ. გამარჯვებულის ვინაობა დუბაიში 24 მარტს გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

აფხაზავა კენიელ მასწავლებელს, პიტერ ტაბიჩის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას ულოცავს და მას “ნამდვილად გამორჩეულ მასწავლებელსა და პიროვნებას” უწოდებს. “დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს”, – ამბობს იგი.

“მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე. ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულ წილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის,როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე”.

აფხაზავა წერს, რომ მიზნად დაისახა, “მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება” მოიზიდოს საქართველოში და ამით უკეთეს განათლებას შეუწყოს ხელი. “ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება”.

“კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას. ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში”, – წერს ჩიბათელი მასწავლებელი.

პიტერ ტაბიჩი – გაიცანით, გლობალური ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი კენიიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი