ახალი ამბები

როგორ დაეხმარა ჯანო ანანიძე გონებადაკარგულ შვეიცარიელ ფეხბურთელს | BBC

24 მარტი, 2019 • 1080
როგორ დაეხმარა ჯანო ანანიძე გონებადაკარგულ შვეიცარიელ ფეხბურთელს | BBC

შვეიცარიელი ფეხბურთელი ფაბიან შერი, რომელმაც 23 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩისას გონება დაკარგა, ამბობს, რომ შეჯახების ეპიზოდი არ ახსოვს და თავის ტკივილი ისევ აწუხებს, — იუწყება ბიბისი (BBC).

მატჩის 24-ე წუთზე, კუთხურის მოწოდებისას ფაბიან შერი და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ჯემალ ტაბიძე ერთმანეთს შეეჯახნენ. შერმა რამდენიმე წუთით გონება დაკარგა, ტაბიძეს კი თავი გაუტყდა.

ჯანო ანანიძე ფაბიან შერს ენას უჭერს. 23.03.2019. ფოტო: BBC/Reuters

როგორც ბიბისი წერს, როდესაც შერი მიწაზე უგონოდ იწვა, მის დასახმარებლად საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ მიირბინა, ენა დაუჭირა და ასე დაეხმარა მეტოქეს.

თავად შერი ამბობს, რომ არაფერი ახსოვს: “რამდენიმე წამით გათიშული ვიყავი. ქალა ისევ მიზუზუნებს, კისერი მტკივა და შუბლზე დაზიანება მაქვს, მაგრამ [ეს ყველაფერი მოგებად] ღირდა”. შვეიცარიის ნაკრებმა გაიმარჯვა ანგარიშით 2:0.

შეჯახების შემდეგ ტაბიძეც გაუნძრევლად იწვა მოედანზე, მისი მაისური კი სისხლით იყო დასვრილი, თუმცა ისიც მომჯობინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი