ახალი ამბები

პიტერ ტაბიჩი – გაიცანით, გლობალური ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი კენიიდან

24 მარტი, 2019 • 4478
პიტერ ტაბიჩი – გაიცანით, გლობალური ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი კენიიდან

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა.

პიტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს.

შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ცუდი ინტერნეტი და 58 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი მოდის, იოლი ამოცანა არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება.

პიტერმა შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები სკოლაში, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება.

პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა.

21 თებერვალს ცნობილი გახდა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათი ფინალისტის ვინაობის შესახებ. მათ შორის მოხვდა ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა. მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს მფლობელის ვინაობადღეს ცნობილი.

გაეცანით, რა მიღწევებისთვის მოხვდა ათი მასწავლებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფინალისტების სიაში.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/183727/

მასალების გადაბეჭდვის წესი