ახალი ამბები

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი გახდა

24 მარტი, 2019 • 2237
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი გახდა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა. იგი ერთ მილიონ აშშ დოლარს მიიღებს ჯილდოდ. გამარჯვებულის ვინაობა დუბაიში 24 მარტს გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ჯილდოს ფინალისტი იყო გურიის სოფელ ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელმაც წინა დღეს დაწერა: “მეგობრებო, აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია”.

[red_box]მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული[/red_box]

პიტერი ტაბიჩი სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში ასწავლის, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოდამოკიდებულება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის დიდ ნაწილს სხვების დასახმარებლად ხარჯავს.

პიტერ ტაბიჩი

შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ცუდი ინტერნეტი და 58 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი მოდის, იოლი ამოცანა არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება.

პიტერმა შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები სკოლაში, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, საგნები გაზომონ. პიტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება.

პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა.


მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 წლიდან გაიცემა. პირველი ჯილდოს მფლობელი ნენსი ეტველი გახდა აშშ-ის შტატ მენიდან, ინგლისური ენის ნოვატორული სწავლებისათვის; 2016 წელს ჯილდო ჰანან ალ ჰრუბს გადაეცა, მასწავლებელს პალესტინიდან, რომელიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო და ახლა სწავლებისას მისი ლოზუნგია -„არა ძალადობას“;

2017 წელს ჯილდო კანადელ მასწავლებელს, მეგი მაკდონელს გადაეცა, 2018 წელს კი – ანდრია ზაფირაკუსს, მასწავლებელს დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ბრენტის სკოლაში ასწავლის მოსწავლეებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია. ჯილდოს მფლობელი ფონდისგან 1 მლნ დოლარს იღებს პრიზის სახით.

გაიგეთ, ვინ იყვნენ აფხაზავას კონკურენტები:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/183727/

მასალების გადაბეჭდვის წესი