ახალი ამბები

გახარიამ სასამართლოთი უნდა დაამტკიცოს, რომ წერილი არ გამოუგზავნია — ხაზარაძე

24 მარტი, 2019 • 1756
გახარიამ სასამართლოთი უნდა დაამტკიცოს, რომ წერილი არ გამოუგზავნია — ხაზარაძე

თიბისის ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასამართლოთი უნდა დაამტკიცოს, რომ მისთვის მუქარის წერილი არ გაუგზავნია.

წერილში, რომელშიც, ხაზარაძის თანახმად, გიორგი გახარიამ მას შუამავლის ხელით გაუგზავნა, წინასაარჩევნოდ ტელეკომპანია “პირველსა” და “თიბისი არტარეას” ხელისუფლების მხარდმჭერი პოლიტიკის გატარებას სთხოვენ “ყველანაირი წინაპირობის გარეშე”. გიორგი გახარიამ მსგავსი წერილის დაწერა და გაგზავნა უარყო.

რუსთავი2-ის ეთერში გადაცემაში, “Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად”, 24 მარტს გასულ ინტერვიუში, ხაზარაძემ წამყვანის კითხვაზე, რას გააკეთებს, თუკი წერილი, რომელიც ლონდონში ექსპერტიზაზე აქვს ხაზარაძეს გაგზავნილი, ვალიდური არ აღმოჩნდება, პასუხად თქვა: “დაველოდოთ ჯერ ამას ყველაფერს”.

კითხვაზე, უშვებს თუ არა, რომ წერილის ავტორი არა გიორგი გახარია, არამედ ვინმე სხვა შეიძლება ყოფილიყო, ხაზარაძემ უპასუხა: “ყოველ შემთხვევაში, ის წერილი ვისგანაც მივიღეთ, მე ის დავასახელე. ვინ დაწერა, ერთად დაიწერა, ვიღაცამ დაბეჭდა, თუ ვიღაცა კარნახობდა, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არ მაქვს”.

ხაზარაძის თანახმად, მას არანაირი ინტერესი არ აქვს, ვინმეს ცილი დასწამოს: “რა ინტერესი უნდა იყოს? მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე ვარ, რომ ვიღაცის თანამდებობა მინდოდეს და რაღაც ინტრიგებში ვიყო ჩართული. გამორიცხულია რა”.

“როცა შენ ხარ ინტერესის ობიექტი, გაქვს შენი პრინციპები და ვიღაცა შენ ცილს გწამებს, რაც არ უნდა დაუხვეწავი იყოს კანონმდებლობა, შენ სასამართლო პირობებით უნდა დაასაბუთო და დაიცვა შენი თავი… არსებობს მუნდირის ღირსება და ამ მუნდირის ღირსების დაცვა თუ უნდათ — ახლა ისე გამოვიდა, რომ მას [გახარიას] წერილი არ გამოუგზავნია და მე ვცრუობ — ამიტომ ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას სასამართლოში. მას თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია”, — განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, იგი “სატელევიზიო კინკლაობას” აღარ აპირებს და “ეს არის ბოლო კომენტარი ამასთან დაკავშირებით”.

გახარია: ჩემთვის ბევრი ხელნაწერი წერილი გამოუგზავნიათ, გამგონი გაიგებს

მასალების გადაბეჭდვის წესი