ახალი ამბები

ფოთში, სანაპიროზე, გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ იპოვეს

23 მარტი, 2019 • 3250
ფოთში, სანაპიროზე, გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ იპოვეს

დღეს,23 მარტს, ფოთში, ნაბადის სანაპიროზე, მოქალაქემ იპოვა გიგანტური კუ, რომელიც გადაშენების პირას მყოფ სახეობას განეკუთვნება.

მოქალაქე გიორგი ბერაიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ზღვის ბინადარი მისმა ახლობელმა სანაპიროზე დილით, დაახლოებით, 8-9 საათზე იპოვა, თავად კი მას კუს სახლში წაყვანასა და შესაბამის გარემოში განთავსებაში დაეხმარა.

ფოტოები: გიორგი ბერაია

თავდაპირველად, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კუ ბათუმის დელფინარიუმში გადაიყვანეს, თუმცა დელფინარიუმის პიარ მენეჯერმა ბერდია კუტუბიძემ “ნეტგაზეთს” ეს არ დაუდასტურა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კუ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის  დეპარტამენტის სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშაა. ისინი ადგილზე მოქალაქეთა შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ და კუ შესაბამის პუნქტში გადაიყვანეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ზღვის ბინადარი რეაბილიტაციის კურსს გაივლის, რომლის დასრულების შემდეგაც მას გარემოში დააბრუნებენ.

“ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა (კარეტაკარეტა)შემოვიდა. აღნიშნულ ფაქტს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების განცხადებით, კუ დაუყოვნებლივ საჭიროებდა რეაბილიტაციას. აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც „ბათუმის დელფინარიუმში“ და არც“ აკვარიუმში“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო „პარაგრაფის“აკვარიუმს მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგ კი გარემოში აპირებენ დაბრუნებას”, – აცხადებს უწყება.

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი