ახალი ამბები

243 000-ლარიანი ზიანი გარემოსადმი – დაკავებულია ყოფილი ტყის მცველი

23 მარტი, 2019 • 1035
243 000-ლარიანი ზიანი გარემოსადმი – დაკავებულია ყოფილი ტყის მცველი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობისა და სიყალბის ჩადენის ბრალდებით ყოფილი ტყის მცველი დააკავეს.

უწყების ცნობით, სოფელ კინჩხის სატყეო უბნის ტყის მცველს ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის გამოვლენა, აღკვეთა და შესაბამისი რეაგირება ევალებოდა. თუმცა, გამოძიების თანახმად, მისი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, დაუდგენელმა პირებმა  უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფელი და რცხილა, რითაც გარემოს  243 980 ლარის ზიანი მიადგა.

გამოძიების ცნობით, მცველმა მომხდარის დაფარვა სცადა.

“მას შემდეგ, რაც [ტყის მცველისთვის] ცნობილი გახდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ჭრის ფაქტი, მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბების შემცირებისა და  მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, დაიყოლია რამდენიმე ნაცნობი, სოციალურად დაუცველი პირი და მათ მიმართ შეადგინა ყალბი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომელთა მიხედვით, თითქოს მათ უკანონოდ გაჩეხეს [მცველის] სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის გარკვეული ნაწილი, რაც [მან] სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოავლინა. რეალურად, [მცველს]  ხე-ტყით სარგებლობის უკანონო ფაქტები არ გამოუვლენია და ხის ჭრას არც მის მიერ დაჯარიმებული პირების მხრიდან ჰქონია ადგილი”, – აღნიშნავს პროკურატურა.

პროკურატურის თანახმად, ტყის მცველს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი