გახარია: ჩემთვის ბევრი ხელნაწერი წერილი გამოუგზავნიათ, გამგონი გაიგებს

შს მინისტრი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენები წერილით აქცენტების გადატანა მოხდა შინაარსობრივი განხილვიდან ე.წ. ფეიკ ნიუსებზე. ეს განცხადება გიორგი გახარიამ TV “პირველის” ეთერში გააკეთა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ამ წერილს არანაირი რეკვიზიტი არ აქვს და თქვა, რომ თავად ბევრი ხელნაწერი წერილი მიუღია, თუმცა ვისგან იღებდა მსგავს დოკუმენტებს, არ დაუკონკრეტებია:

“ამ წერილით აქცენტების გადატანა მოხდა შინაარსობრივი განხილვიდან ფეიკ ნიუსებზე. ვისხედით პარლამენტში, ვმსჯელობდით სერიოზულ თემებზე და აქცენტები გადადის სხვა რამეზე. არის წერილი, რომელსაც არ აქვს არანაირი რეკვიზიტი. ჩემთვის ბევრი ხელნაწერი წერილი გამოუგზავნიათ. გამგონი გაიგებს”, – თქვა გახარიამ.

გადაცემა “პირველების” წამყვანი მინისტრს ჩაეკითხა, იყო თუ არა იმ პირებს შორის, რომლებმაც მას ხელნაწერი წერილი გაუგზავნეს, მამუკა ხაზარაძე, რაზეც გახარიამ გაიმეორა, რომ “გამგონი გაიგებს”.

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ თუ პროკურატურას საქმისთვის საკმარისი მასალები ექნება და გამოძიება დაიწყება, ის იქნება პირველი, ვინც მივა და უწყებას ჩვენებას მისცემს:

“რეალურად, მოხდა აქცენტების გადატანა შინაარსობირვი საუბრიდან ფეიკ წერილზე. დაესმება ამ წერილის ისტორიას წერტილი. პროკურატურა, რა თქმა უნდა, როგორც კი შემადგენლობა იქნება, დაიწყებს გამოძიებას და გახარია იქნება პირველი, ვინც მივა და ჩვენებას მისცემს” ,- თქვა შს მინისტრმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.