ახალი ამბები

სანამ ამ მენტალიტეტის ხართ თქვენ, მანამდე ვერაფერი შეიცვლება – ბოკერია მთავრობას

22 მარტი, 2019 • 780
სანამ ამ მენტალიტეტის ხართ თქვენ, მანამდე ვერაფერი შეიცვლება – ბოკერია მთავრობას

“ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას თქმით, კრიმინალი და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები მმართველი პარტიის მთავარი მოკავშირეები არიან, რომელთა მეშვეობითაც ამომრჩეველზე ზეწოლა ხდება.

“სანამ ყველამ იცის, რომ რიგითი პოლიციელების დამცირება, ფიზიკური შეურაცხყოფაც დაუსჯელი დარჩება, თუ ეს დანაშაული ჩაიდინა თქვენს გუნდთან დაკავშირებულმა ხალხმა; სანამ ისეთ შემთხვევებში კი, სადაც მთელი საზოგადოება ყალყზე დადგება, თქვენი მომხრეებიც, როგორიც იყო სარალიძის საქმე, თქვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ ასეთ უმძიმეს დანაშაულში დასასჯელი პირიც კი დაუსჯელი დარჩება, თუ მას თქვენს გუნდში მაღალი გავლენის მქონე პირი ჰყავს ახლობელი ან ნათესავი; სანამ ყოველთვის, როცა გაიჭედებით, ერთადერთი პასუხი გაქვთ – ჩვენი გუნდის წარსულზე აპელირება, მისი დემონიზება, ლანძღვა და გესლის ნთხევა, როგორც თქვენმა ფავორიტმა წულუკიანმა მოახდინა აქ, რაც იწვევს დიდ გახარებას ამ ხალხში, ვინაიდან სხვა გასახარი ამ ხალხს არაფერი აქვს, შეუძლებელი იქნება ამ ამბის შემოტრიალება”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, გახარიამ თავდაპირველად სცადა დისკუსია რეალურ პრობლემებზე, მაგრამ შემდეგ მისი პოლიტიკური რესურსიც არჩევნების მეორე ტურში სამარცხვინო გამარჯვების მისაღებად ჩაითრიეს.

“სანამ თქვენი უფროსი ივანიშვილი არის მოცული მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებით და ტივტივით ამ ჭაობზე, როგორსაც ის ხედავს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომ ყველას უნდა გაუსწორო, რომ ნეპოტიზმი და ჩაწყობა არის ქართველების თურმე ბუნებრივი თვისება… სანამ ამ მენტალიტეტის ხართ თქვენ, მანამდე ვერაფერი შეიცვლება, ამიტომ უნდა შეიცვალოთ თქვენ – მშვიდობიანად და დემოკრატიულად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი