კიბერთავდასხმის ადგილი თიბისის მომართვამდე აღმოჩენილი იყო – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ადგილი, საიდანაც კიბერთავდასხმა განხორციელდა, თიბისის მიმართვამდე ცნობილი იყო. ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ ეს ადგილი რუსთაველის #12 -ია. გიორგი გახარიას მტკიცებით, ცოტა ხანში დეტალურად ექნება საუბრის საშუალება თიბისი ბანკზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

“კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მომართვა იქნებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხანში მექნება დეტალურად საუბრის საშუალება. ის ლოკაცია უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან [რუსთაველის #12]. გარდა ამისა, უკვე საფრთხეც ლიკვიდირებული იყო. ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და ამ საკითხს გავშლით,”-აცხადებს გვახარია.

4 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ  ბანკზე კიბერთავდასხმა 2018 წლის ივლისში მოხდა და იმის მიუხედავად, რომ თავდასხმის შესახებ გიორგი გახარიას პირადად მისწერა,  გამოძიების შედეგები არ იციან. “მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ “კომპიუტერი ამოღებულია და წაღებულია ექსპერტიზაზეო”, -აღნიშნა მაშინ ხაზარაძემ.

14 მარტს ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა წერილები, რომლითაც, მათი მტკიცებით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა კიბერთავდასხმის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა.

წერილში ხაზარაძე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების პროცესში პროგრესი არ შეიმჩნევა. “მოგახსენებთ რა ზემოაღნიშნულს, გთხოვთ თქვენი უფლებამისილების ფარგლებში თქვენს პირად ჩართულობას, რათა გააქტიურდეს გამოძიება და შესაბამისი ოპერატიული ქმედებები,”-წერს მამუკა ხაზარაძე. გარდა ამისა, ხაზარაძე მინისტრ გახარიას ატყობინებს “მავნე კომპიუტერის” IP მისამართის მფლობელს [შპს “გრევითი”] და მისამართს, რუსთაველის 12-ს, სადაც განთავსებულია კომპიუტერი. ამ წერილების ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.