ახალი ამბები

ლენტეხში მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა

22 მარტი, 2019 • 3593
ლენტეხში მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა

დღეს, 22 მარტს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მისცეს შესაძლებლობა,”ხელედულა 3″ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დაანონსებულ საჯარო განხილვაზე შესულიყვნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მთავრობის წარმომადგენლებს მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა, რასაც შეკამათება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ადგილობრივები ჰესის მშენებლობას დიდი ხანია აპროტესტებენ, რადგან, მათი განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება.

დეტალები ხელედულა 3-ზე და მოსახლეობის პროტესტზე - დააკლიკეთ

“ხელედულა 3” 50-მეგავატიანი ჰესია, რომლის პროექტი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე ხორციელდება.

ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მისი წლიური გამომუშავება 250 მლნ. კვტ/სთ იქნება, საინვესტიციო ღირებულება კი 80 მლნ. ლარს შეადგენს. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს. უწყების ცნობით, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე იქ 400–მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა შორის უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

პროექტს შპს “ხელედულა ენერჯი” ახორციელებს. ჰესის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი კომპანია “გამა კონსალტინგმა” მოამზადა. სვანეთში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგენი აღნიშნულ კომპანიას უნდობლობას აქამდეც უცხადებდნენ. მათი თქმით, სწორედ ამ კომპანიამ მოამზადა “ლარსი ჰესის” გზშ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ადგილზე ღვარცოფული პროცესების განვითარების შესაძლებლობა დაბალი იყო. თუმცა 2014 წელს ადგილზე მომხდარმა ღვარცოფმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ინფრასტრუქტურა კი გაანადგურა.

  • საქართველოში ათეულობით ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. ინფრომაცია მათი ადგილმდებარეობისა და განხორციელების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ ნეტგაზეთის ინტერაქტიულ რუკაზე.

ამავე თემაზე, გირჩევთ:

“ვითხოვთ, შეჩერდეს სამუშაოები!” – ლენტეხში ახალი ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან

“ცეცხლს ეთამაშებით” -რატომ ჩაშალეს ადგილობრივებმა “ხელედულა ჰესის” პროექტის განხილვა

ადამიანები სვანეთიდან, რომლებიც ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

ლენტეხში იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგნლები: პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და მესტიის მაჟორიტარი ვიქტორ ჯაფარიძე.

დაძაბული ვითარებისა და პროტესტის გამო სოზარ სუბარმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მესტიის კულტურის სახლში გადასულიყვნენ და ადგილობრივებთან იქ ესაუბრათ დაგეგმილი ჰესის პროექტზე. რუსთავი 2-ის ცნობით, მოსახლეობა ჯერჯერობით არ გეგმავს კულტურის სახლში შეხვედრაზე შესვლას.

მთის ამბების ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ მოსახლეობას პრეტენზიები აქვს თავად სოზარ სუბართან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, რომლებთანაც აქამდეც გაუმართავთ შეხვედრები ჰესის საკითხზე. მათი თქმით, მთავრობამ იცის ადგილობრივების ურყევი ნეგატიური პოზიცია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ცდილობენ როგორმე ჰესის აშენებას.

დაპირისპირება ლენტეხში – მთის ამბების ლაივი:

მასალების გადაბეჭდვის წესი