ახალი ამბები

დანაშაულის 54%-იანი ზრდა აღრიცხვიანობის სიზუსტითაა გამოწვეული – ბახტაძე

22 მარტი, 2019 • 1200
დანაშაულის 54%-იანი ზრდა აღრიცხვიანობის სიზუსტითაა გამოწვეული – ბახტაძე

მამუკა ბახტაძის თქმით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით დანაშაულის 54%-იანი ზრდა კრიმინალის აღრიცხვიანობის სიზუსტითაა გამოწვეული. ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დღეს, 22 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას გაახმიანა.

პრემიერი განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამართალდამცავი სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი გამჭვირვალობაა. მისივე თქმით, დანაშაულის აღრიცხვისადმი მიდგომა ძირეულად შეიცვალა და საერთაშორისო სტანდარტებს უფრო დაუახლოვდა.

“სიმართლე არის ის, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დიახ, დანაშაულის ზრდა 54 პროცენტით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით.

ქვეყანაში რეალური კრიმინოგენული მდგომარეობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის ტიპისა და ბუნების, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლისა და ბევრი სხვა ფაქტორების გათვალისწინება,” – განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძე შემდეგ ამბობს, რომ დანაშაულის ანალიზის მიხედვით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მაჩვენებლები ან უცვლელია, ან შემცირებული, ხოლო მატება ძირითადად ისეთ დანაშაულებზე მოდის, რომლებზეც მიმართვიანობა გაიზრდა.

“კერძოდ, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობების მაჩვენებელი, შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით შემცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება − თითქმის 18%-ით.

სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გაზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა დანაშაული,” – დასძენს ის.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ზრდა ძირითადად საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მოდის, რაც ძირითადად ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას ეხება. პროცენტულ ზრდასთან დაკავშირებით ბახტაძე იმისაც განმარტავს, რომ წარსულში, მისი თქმით, მოქალაქეების განცხადებებიც კი არ რეგისტრირდებოდა.

“ეს იყო მავნე პრაქტიკა, ეს იყო თავის მოტყუება, ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. თუ დააკვირდებით დანაშაულის ტიპოლოგიურ სტრუქტურას, კარგად ჩანს, რომ, მაგალითად, 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 62 პროცენტი მოდის სწორედ იმ დანაშაულებზე, რომელთა რეგისტრაციაც ადრე ნაკლებად ხდებოდა და დღეს სრულფასოვნად რეგისტრირდება.

ლოგიკურია, რომ ამიტომაც გაიზარდა მუქარის, ნივთის დაზიანების, თვითმკვლელობამდე მიყვანის  მაჩვენებლები. მაგალითად, ადევნების მაჩვენებლები გაზრდილია რამდენჯერმე, რომელიც ადრე საერთოდ არ რეგისტრირდებოდა,” – მიიჩნევს ბახტაძე.

ბახტაძე ასევე ამბობს, რომ საქართველოში საზოგადოების ნაწილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ კვლავ ლოიალურადაა განწყობილი, თუმცა, მისი განცხადებით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა არ გამოდგება. პრემიერი ამბობს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება საკითხს უპირისპირებს კანონით დადგენილ პოლიტიკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი