ჰერმან საბო გირჩის მხარდამჭერებს მოუწოდებს, მთაწმინდაზე გადაეწერონ

მთაწმინდაზე გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი ჰერმან საბო მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიის მხარდამჭერებს მოუწოდებს, მთაწმინდაზე ჩაეწერონ. ამის შესახებ საბომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მის ამომრჩეველს მთაწმინდაზე მცხოვრები გირჩის მხარდამჭერების სახლებში ჩაწერა და ხმის მიცემა უპრობლემოდ შეუძლიათ. საბო ორივეს (მთაწმინდელ და სხვაგან მცხოვრებ მხარდამჭერებს) მოუწოდებს აქტიურობისაკენ.

საბოს განმარტებით, ერთადერთი პრობლემა არის კომუნალური, მაგალითად, წყლის გადასახადი, რომელიც სულადობაზეა მიბმული, თუმცა მან ბინის პატრონებს მიმართა, რომ ამ თანხას გირჩი აიღებს თავის თავზე.

საბოს მტკიცებით,  გირჩი კანონსაც არ დაარღვევს, რადგან კანონით, მისი ინფორმაციით, 100 ლარზე ნაკლები თანხის გადაცემა მოსყიდვად არ ითვლება.

თუმცა საარჩევნო კოდექსი ამბობს:

მუხლი 47. ამომრჩევლის მოსყიდვა1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნები­­­დან არჩევნ­ების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

ა)  საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

ბ)  ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.

2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com