ახალი ამბები

ფეისბუკის თანამშრომლებს მილიონობით ადამიანის პაროლებზე წვდომა ჰქონდათ

21 მარტი, 2019 • 861
ფეისბუკის თანამშრომლებს მილიონობით ადამიანის პაროლებზე წვდომა ჰქონდათ

ფეისბუკი აღიარებს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების ასობით მილიონი პაროლი სათანადოდ დაცული არ იყო და შიდა მონაცემთა ბაზაში ინახებოდა, რომელზეც წვდომა ჰქონდათ თანამშრომლებს.

პაროლები შენახული იყო წასაკითხ ფორმატში. კომპანია აცხადებს, რომ ეს პაროლების მონაცემთა ბაზა იანვარში, უსაფრთხოების რუტინული შემოწმების დროს აღმოაჩინეს. უცნობია, რამდენ ხანს ინახავდა ფეისბუკი ასე პაროლებს, წერს სიენენი.  

ფეისბუკის და ინსტაგრამის ის მომხარებლები, რომელთა პაროლებიც ასე იყო შენახული, შეტყობინებას მიიღებენ.

“ნათელი რომ იყოს, ეს პაროლები არასოდეს ყოფილა ხილვადი ფეისბუკის თანამშრომლების გარდა და ჩვენ არა გვაქვს მტკიცებულება ვთქვათ, რომ ვინმე არამიზნობრივად მისწვდა მონაცემებს”, – წერს ფეისბუკის ვიცეპრეზიდენტი.

მისი თქმით, ფეისბუკი, როგორც წესი , ნიღბავს მომხარებლების პაროლებს ანგარიშების შექმნისას და ამ გზით კომპანიაში მისი ნახვა არავის შეუძლია.

თუმცა ბრაინ კრებსი, რეპორტიორი, რომელმაც ამაზე პირველად გაავრცელა ინფორმაცია, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლოგების მიხედვით,  ორიათასამდე  ინჟინერმა და დეველოპერმა 9 მილიონჯერ მიმართა პაროლების ფაილში ძიებას.

პაროლების დაშიფვრა კიბერუსაფრთხოების მთავარი ინსტრუმენტია, აღმოჩნდა, რომ ფეისბუკი ამ ინსტრუმენტს არ იყენებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი