ახალი ამბები

სპექტაკლებს დგამს სხვადასხვა სივრცეში – ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელზე

21 მარტი, 2019 • 1210
სპექტაკლებს დგამს სხვადასხვა სივრცეში – ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლების მიმართ ფულის გათეთრების ბრალდება ინვესტორებისთვის  ხელსაყრელი არ არის. თუმცა, ცქიტიშვილის თქმით, სახელმწიფოზე ხდება იმ პრობლემების გადაბრალება, რომლებიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მანამდე ჰქონდა, სანამ პროკურატურის მხრიდან “თიბისის” დამფუძნებლებისადმი რაიმე კითხვები გაჩნდებოდა.

“ფულის გათეთრების ეჭვი, რა თქმა უნდა, არცერთი ინვესტორისთვის არ არის ხელსაყრელი. ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნება ხელმშემწყობი ამ კონკრეტული ადამიანისთვის ან პროექტისთვის. მაგრამ ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმას, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დასაკავშირებელია. ეს პრობლემები [პორტის მშენებლობაში], რომლებზეც ვსაუბრობთ, დღეს არ გაჩენილა. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე არიან კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანიის დამფუძნებლები. ამ კონსორციუმს ჰყავს სხვა დამფუძნებლებიც: “კონტი ჯგუფი” და სხვა. ამიტომ, ამ პროექტში მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ არიან და მხოლოდ მამუკა ხაზარაძესთან ანაკლიის პროექტის გაიგივება არის იმ პიარის ნაწილი, რაც, სამწუხაროდ, ბატონ მამუკას აქვს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, არცერთ პროექტში მონაწილეობა არ არის იმუნიტეტი პასუხისმგებლობისგან.

“ასეთ  პროექტს აჟიოტაჟი საერთოდ არ უხდება და პირველ რიგში, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, თავად ინვესტორი და თავად ამ პროცესში დამფუძნებლები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბობთ, უწყობენ ხელს და ქმნიან ამ აჟიოტაჟს ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, როდესაც გარკვეულ სპექტაკლებს დგამენ სხვადასხვა სივრცეში”, – განაცხადა ცქიტიშვილმა დღეს, 21 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი