ახალი ამბები

“ბიბლიური თავისუფლება” რელიგიურ კონფესიებს მოუწოდებს, სესიაშვილთან გარიგებაში არ შევიდნენ

21 მარტი, 2019 • 2130
“ბიბლიური თავისუფლება” რელიგიურ კონფესიებს მოუწოდებს, სესიაშვილთან გარიგებაში არ შევიდნენ

“ბიბლიური თავისუფლება” რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის თემაზე სახელმწიფოსთან გარიგებაში არ შევიდნენ.

“გირჩის” მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, რომ დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი კულუარულად ელაპარაკება სხვადასხვა კონფესიის ლიდერებს და ცდილობს, დაითანხმოს კანონმდებლობის ისეთ მოდელზე, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების პროვილეგიით ისარგებლებს ყველა კონფესია, გარდა ბიბლიური თავისუფლებისა.

რელიგიური ორგანიზაციის განცხადებით, მათ არ სჯერათ, რომ რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი, რომელსაც პრეტენზია აქვს რწმენაზე, და რომელიც ისედაც ჩაგრულ მდგომარეობაში არსებობს დღევანდელ საქართველოში, შეიძლება შევიდეს ასეთ გარიგებაში სახელმწიფოსთან:

“თავს ნუ მოიტყუებს ნურცერთი კონფესია, რომ ამ ინიციატივის უკან დგას სესიაშვილი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ კანონპროექტის სულისჩამდგმელი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო – მათი დისკრიმინაციული ყოფის მთავარი შემოქმედი. შესაბამისად, სესიაშვილთან ასეთ გარიგებაში შესვლა პირდაპირ ნიშნავს საპატრიარქოს ფეხქვეშ გაგებას და რწმენაზე უარის თქმას.

ამავე დროს, თუ ასეთი გარიგება შედგება, ნებისმიერი რელიგიური ლიდერის მხრიდან ასეთ შეთანხმებაში შესვლა ჩვენი მხრიდან აღქმული იქნება როგორც მიუტევებელი ცოდვა. და პასუხიც იქნება შესაბამისი”, – აცხადებენ “ბიბლიურ თავისუფლებაში”.

სესიაშვილი “კეთილსინდისიერ” რელიგიურ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი