ახალი ამბები

EMC: მაჩალიკაშვილზე ზურაბიშვილი/წულუკიანის განცხადებები პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა

21 მარტი, 2019 • 997
EMC: მაჩალიკაშვილზე ზურაბიშვილი/წულუკიანის განცხადებები პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრისა და პრეზიდენტის განცხადებებს და პოზიციებს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას და ადამიანის უფლებების იგნორირების უხეშ მაგალითებად აფასებს.

კერძოდ, 19 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია”პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს ერთ დონეზე არ აყენებს, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რის მიხედვით ახდენს ამ ადამიანების დიფერენცირებას, უპასუხა, რომ ,,იცის, რის მიხედვითაც“. 21 მარტს კი, იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას, როდესაც კითხვა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა, განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია, სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინა, რადგანაც ეს ფაქტი არ არის დამტკიცებული.

ამ განცხადებების საპასუხოდ, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებს სათანადოდ არ ესმით საკუთარი პოლიტიკური სტატუსის მნიშვნელობა და ნაცვლად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკური მმართველობის პირობებში, EMC-ის თქმით, სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სიცოცხლის უფლების ხელყოფის პირველი შემთხვევაა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უზრუნველყონ პროცესის კანონიერ და ადამიანის უფლებების ჩარჩოში მოქცევა, ისინი აგრძელებენ მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებებისა და ღირსების არაღიარების პოლიტიკას:

“საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში არაპირდაპირ ჩანდა მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინების კონოტაცია და ამდენად, დეჰუმანიზების, მისი სიცოცხლის დაკნინებისა და იერარქიზების მცდელობა. იუსტიციის მინისტრის ტექსტში კი ცალსახა იყო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის დროს სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების
უგულებელყოფის აშკარა ინტერესი” – ვკითხულობთ EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანი, ფორმალურია და გამოძიების პროცესში ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები როგორც სპეცოპერაციის დაგეგმვის, ისე ძალის გამოყენების და საქმის გამოძიების ეტაპზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების პირველივე ეტაპზე გაანადგურა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დანაშაულებრივი გზებით ხელი შეუშალა ამ საქმეზე ეფექტიანი და ჯეროვანი გამოძიების ჩატარების პროცესს.

“თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე კრიტიკული შეფასებები აქვს გაკეთებული საქართველოს სახალხო დამცველს,  საერთაშორისო ამნისტიას, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. თუმცა იმ სახელმწიფო თანამდებობის პირებს, რომლებსაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა ეკისრებათ, თურმე კითხვის ნიშნებიც არ აქვთ საქმესთან დაკავშირებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურას ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ. მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას და მის კავშირს ტერორიზმის მხარდაჭერასთან. საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ აძლევს ოჯახის წევრებს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას და არღვევს ყველა ბაზისურ სამართლებრივ პრინციპს ამ საქმეში”, – წერია განცხადებაში.

EMC-ში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსები აგრძელებენ თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენის კამპანიას, რომელიც მანამდე სუს-მა უდანაშაულობის პრეზუმფციისა და პირადი ღირსების უფლების უგულებელყოფით წამოიწყო.

ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება სათანადოდ ვერ იაზრებს მაჩალიკაშვილის საქმის სოციალურ ეფექტს და იმ ფრუსტრაციასა და უკმაყოფილებას, რომელიც არასათანადოდ დაგეგმილი სპეცოპერაციის დროს, ღამით, საკუთარ საძინებელში მწოლიარე 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს პანკისის ხეობაში მოჰყვა:

“თემირლან მაჩალიკაშვილის ამ პირობებში სიცოცხლის ხელყოფის ფაქტმა ადგილობრივებში დაუცველობის და საკუთარი სიცოცხლის არასათანადო აღიარების განცდა გააჩინა და კვლავ გააღვიძა პანკისის ხეობაში რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერების შიში. მაჩალიკაშვილის საქმის ეს სოციალური განზომილება ხელისუფლების მხრიდან სრულიად უგულებელყოფილია და ის ვერ იაზრებს, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღდგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ თემში უსაფრთხოების განცდის და ნდობის
დაბრუნებისთვის”, – წერია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ მოუხედავად თავის დროზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაპირებისა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, სპეცოპერაციიდან 1 წელზე მეტი გავიდა და ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი არც ამ საქმეზე ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ჩატარების და არც მასზე სათანადო პოლიტიკური რეაგირებისთვის.

“ამ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას რეალურად მხოლოდ მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები არ უჭერენ მხარს. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი, ადამიანების ღირსებისა და უფლებების უგულებელყოფაზე მიმართული განცხადებებისგან და სათანადოდ გაიაზრონ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ხარისხი და ის სოციალური კონტექსტი, რომელიც ამ საქმეს გააჩნია”, – აცხადებენ EMC-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი