ახალი ამბები

პრობლემები, დარღვევები, რეკომენდაციები – ISFED-ის საბოლოო ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნებზე

21 მარტი, 2019 • 782
პრობლემები, დარღვევები, რეკომენდაციები – ISFED-ის საბოლოო ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნებზე

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)” საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომი ვითარების განხილვასთან ერთად, დოკუმენტი სისტემის გასაუმჯობესებლად 42 რეკომენდაციასაც მოიცავს.

“სამართლიანი არჩევნების” აზრით, დარღვევებზე რეაგირების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია “საარჩევნო პროცესების ხელშეწყობის ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის არეალად გადაიქცა.

“ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია უწყებათაშორისი კომისია დაექვემდებაროს პრემიერ-მინისტრს და კანონით გაიწეროს კომისიის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და შემდგომი რეაგირების მექანიზმები”, – აცხადებს ISFED.

ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ 2018 წლის არჩევნებზე არასამთავრობოებს მუშაობა მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან “უპრეცედენტო თავდასხმის პირობებში” უწევდათ. ISFED-ის დირექტორის, მიხეილ ბენიძის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ჯანსაღი კრიტიკის საზღვრებს სცდება და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული, საარჩევნო პროცესში ზეწოლა-მუქარის ფაქტებია. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, “საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის ე.წ. “მხარდამჭერთა სიების” შეგროვების დავალების პრაქტიკა აღკვეთოს”.

“ამასთან, დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა მოხდეს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ფიზიკური ძალადობის, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვის, არჩევნების გაყალბებისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი შემთხვევების გამოძიება”, – აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გახმიანებული ინიციატივები “მოსყიდვის უპრეცედენტო მცდელობადაა” შეფასებული.

“სამართლიანი არჩევნების” რეკომენდაციებს შორისაა პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნა პარტიებისა დ არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე იმუშავებს; ISFED ასევე პრიორიტეტულად მიიჩნევს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმასა და ყველა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის გადახედვას, რათა რომელიმე პარტიას დომინანტური მდგომარეობა არ ჰქონდეს; რეკომენდაციების ნაწილი საჩივრების განხილვის პროცესში არსებულ პრობლემებსაც ეთმობა.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” არჩევნების მონიტორინგს 1,030 აკრედიტირებული დამკვირვებლის მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი