აფხაზები და ქართველები ვერ შევძლებთ ერთ ქვეყანაში ცხოვრებას – პავლე კაკალია

პავლე კაკალია, სოხუმი


აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღეს მთლიანად საქართველოზეა დამოკიდებული. დიახ, ისინი ცდილობენ დაალაგონ ურთიერთობები, მაგრამ არასწორი გზით.

ქართული სამედიცინო პროგრამებით სარგებლობენ ჩვენები, შემდეგ კი ჩამოდიან და ამბობენ, რომ “ისინი ჩვენთან ვალში არიან, ხოდა გვიმკურნალონ”. ზოგიერთი კი ჰყვება, რომ მკურნალობის სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამადასტურებელ რაღაც დოკუმენტებს აწერინებენ ხელს. რა თქმა უნდა, მოაწერ, როდესაც შვილის გადარჩენაზეა საუბარი.

ამავე დროს, ქართველები ყოველ ჯერზე ჩვენს ბავშვებს დაბრკოლებებს უქმნიან, როდესაც ისინი საერთაშორისო შეჯიბრებებზე ან ფესტივალებზე მიდიან – საელჩოების გამოყენებით ორგანიზატორებზე ზეწოლას ახდენენ.

საკუთარ პრობლემებს მიხედონ. არც ჩვენი ცხოვრებაა დალხენილი. ვფიქრობ, რეალურად საქართველოს აფხაზეთი არ სჭირდება. აბა, წარმოიდგინონ კარგად. დავუშვათ, დაბრუნდნენ დევნილები. დაიწყება ისევ ერთმანეთის დახოცვა, რადგან მათ, ვინც თავის დროზე აფხაზეთიდან გაიქცა, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი სამშობლო დაეცვათ ციხეებიდან გამოსული დამნაშავეებისგან, რომლებიც აფხაზებს კლავდნენ, საკუთარ სახლებში ცხოვრების უფლება დაკარგეს.

ჩვენ ვერ შევძლებთ ერთ ქვეყანაში ცხოვრებას იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი სისხლია დაღვრილი, მაგრამ შევძლებთ ვიცხოვროთ როგორც მეზობლები და მეგობრებიც კი, თუკი ქართველები მოინდომებენ მეზობლებად ჩვენს აღიარებას და არა ჩვენს სახლებზე ბატონობას.


შენიშვნა: მკურნალობის სანაცვლოდ ქართული მხარე აფხაზებსა და ოსებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ან რაიმე სახით ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არ ავალდებულებს. 


გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

 

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ერთადერთი ინვესტორი რუსეთია – გიორგი არზიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი