ახალი ამბები

რა კონტექსტში ახსენა წულუკიანმა პრეზიდენტი რუსულ ნარატივზე საუბრისას – პრესსამსახურის განმარტება

21 მარტი, 2019 • 1528
რა კონტექსტში ახსენა წულუკიანმა პრეზიდენტი რუსულ ნარატივზე საუბრისას – პრესსამსახურის განმარტება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, დეპუტატ ადა მარშანიას მიმართა და თქვა, რომ მისი გამოსვლა სალომე ზურაბიშვილის შემდეგ რუსული ნარატივის საუკეთესო მაგალითი იყო.

“ქალბატონო ადა, მე თქვენ აღარ დაგელაპარაკებით – არც ამ ტონით, არც იმ ტონით და არც არანაირი ტონით იმიტომ, რომ იმ პარტიას ვცემ პატივს და ქალბატონ ირმას, რომელთან ერთადაც ბრძოლა გამივლია. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ნუ საუბრობთ ამ ტრიბუნიდან და საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, თქვენი გამოსვლა”, – მიმართა წულუკიანმა ადა მარშანიას.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილი რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა. იუსტიციის სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ არა და მინისტრმა საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ადა მარშანიას მიერ გაკეთებული განცხადება იგულისხმა.

მაშინ ადა მარშანიამ თქვა:

“დერეფნებსა და კულისებს მიღმა საუბრობენ, რომ უნდა გავუშვათ სოხუმი და ცხინვალი, თურმე ეს ბედნიერებას მოგვიტანს, რადგან თურმე მერე ნატო-ში შევალთ. არადა, ომის პირას ვდგავართ და ხელისუფლებამ გადასარევად იცის, რადგან რუსეთს მიაჩნია, რომ ნატო-ს სურს, საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს თავდასხმის მიზნით. წითელი ხაზები არ უნდა გადავკვეთოთ, რათა კიდევ ახალი ტერიტორია არ დავკარგოთ და ახალი ომი თავიდან ავიცილოთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოს ტერიტორიიდან არავინ და ვერავინ ვერ დაესხმევა მათ თავს. ჩვენ ახალ ფორმატზე უნდა ვიმუშაოთ და გთავაზობთ ფორმატს – საქართველო-ნატო-რუსეთი, რათა რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმები ჩამოყალიბდეს”.

ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაში მარშანია დღეს პარლამენტის თავმდომარე ირაკლი კობახიძემაც დაადანაშაულა.

“ისეთი განცხადებები, როგორიც თქვენ გააკეთეთ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ნამდვილად არ უწყობს ხელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მომავალში უმჯობესია, სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული განცხადებები გააკეთოთ ხოლმე”, – მიმართა პარლამენტის სპიკერმა ადა მარშანიას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი