ახალი ამბები

ქალი იუსტიციის მინისტრი გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს – ბოკუჩავა

21 მარტი, 2019 • 1839
ქალი იუსტიციის მინისტრი გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს – ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინათინ ბოკუჩავა თეა წულუკიანს სამახსოვროდ ზოგიერთი მისი დიპლომის ასლის გადაცემას ჰპირდება, რადგან დეპუტატის განმარტებით, გუშინ იუსტიციის მინისტრმა მას კომპეტენცია დაუწუნა.

“ქალბატონო თეა, მე ამჟამად თქვენსავით დაუსწრებლად დაბალრეიტინგულ სასწავლებელში არ ვსწავლობ და არც არსებული დიპლომებით ვაპირებ ეთერებში სიარულს, თუმცა თქვენ პირადად სამსახსოვროდ მინდა გადმოგცეთ ზოგიერთი ჩემი დიპლომის ასლი.

ახლა უფრო სერიოზულ ნოტაზე – ვფიქრობ, რომ ქალი იუსტიციის მინისტრი საქართველოში, სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ასეთი ტიპის გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს”, – მიმართა თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს.

იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი განცხადება თინა ბოკუჩავაზე კარგი არ იყო. პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა, რომ ბოკუჩავა ლამაზი და განათლებული ქალია.

“მე თქვენზე ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადება. ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან, მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი და განათლებული ქალი. ვასწორებ ამ განცხადებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ თქვენ დამპირდით, როდესაც მითხარით, რომ თქვენმა ლიდერმა ჩემზე უხამსობები რომ თქვას გენდერული ნიშნით.. დიახ, სააკაშვილი არის უხამსი კაცი, რომელმაც ჩემზე უხამსობითა და გენდერული ნიშნით ანეგდოტები მოყვა. თქვენ თქვით, რომ ჩემი ლიდერი როცა თავს დაგესხმებათ, დაგიცავთო. ახლა ვითხოვ, რომ თქვენ დამიცვათ, როცა მომავალში სააკაშვილი გენდერული ნიშნით თავს დამესხმება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ, 20 მარტს იუსტიციის მინისტრმა ბოკუჩავას განცხადებას ზედაპირული უწოდა, ხოლო თავად დეპუტატს “ძალიან ლამაზი ქალი”.

ვაღიარებ, ეს არ არის კარგი განცხადება – წულუკიანი ბოკუჩავაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი