ახალი ამბები

დააზღვიე ციტრუსი ,,ჯიპიაი ჰოლდინგში’’

15 სექტემბერი, 2014 • 1631
დააზღვიე ციტრუსი ,,ჯიპიაი ჰოლდინგში’’

 

გასულ წელს აჭარაში ნაადრევი ყინვისგან ფერმერებს ციტრუსის  ოსავალი გაუფუჭდათ, ისინი არ იყვნენ დაზღვეული ამ სტიქიური მოვლენისგან, თუმცა წელს ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, რისკები თავიდან აირიდონ.

 

შეხვედრა სოფელ ახალშენში
შეხვედრა სოფელ ახალშენში

 

92 წლის რეზალი ნაკაშიძე მანდარინის ბარს 1945 წლიდან უვლის. მას გასულ წელს ნაადრევად  მოსულმა თოვლმა გაუყინა მოსავალი: „შარშან სულ გამიფუჭდა მანდარინი. ზარალი პერიოდულად გვაქვს ხოლმე. წელს 10 ტონამდე მოსავალს ველოდები’’,  – ამბობს ფერმერი.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგმა’’ და საქართველოს სოფლის  მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ციტრუსის დაზღვევის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა მეციტრუსეებთან ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში გამართა. შეხვედრას ადგილობრივი მთავრობა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებულებიც ესწრებოდნენ.

 

პირველი დაზღვევა ომარ მიქელაძემ გააფორმა. ის კმაყოფილია აჭარაში ახალი წამოწყებით. ,,2500 მეტრ ნაკვეთში მანდარინი მაქვს გაშენებული. 4 ტონამდე მოდის, თუმცა გააჩნია მოსავალს. სეტყვა და სხვა კატაკლიზმები ბევრია ბუნებაში. ახლა უკვე  დაზღვეული ვარ და ვიცი, რომ არ დამეკარგება მოსავალი’’, – ამბობს ომარ მიქელაძე.

 

,,ჯიპიაი ჰოლდინგი’’  ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც აგროდაზღვევას სთავაზობს ფერმერებს. მას ამ იმართულებით მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს და გარდა ციტრუსისა, კახეთსა და ქართლში აზღვევს ხორბლის, ქერის, სიმინდის, ვაშლის, ატმის, ვაზის, თხილისა და კარტოფილის მოსავალს.

 

ზედა ახალშენში ხელვაჩაურის გამგებლის წარმომადგენელი და ფერმერი ზურაბ თურმანიძე გარდა ციტრუსისა, ერთწლიან მცენარეულ კულტურასაც აწარმოებს.

„პირველად ვაზღვევ მანდარინს, 1000 მეტრი ნაკვეთი მაქვს და 6 ლარი უნდა გადავიხადო. აქამდე ნამდვილად არ მქონია მსგავსი შესაძლებლობა. კარტოფილი და სიმინდიც მომყავს და იმედი მაქვს, მომავალში ჩვენთანაც დაინერგება ერთწლიანი კულტურების დაზღვევა’’, –  აღნიშნავს ზურაბ თურმანიძე. 

 

ციტრუსის დაზღვევა ყველაზე მნიშვნელოვანი იმითაა, რომ სერვისი, სახელმწიფოს დახმარებით, ფერმერებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია.

 

„აგროდაზღვევას ნამდვილად აქვს განვითარების პერსპექტივა. ჩვენ არ გავურბივართ ზარალის ანაზღაურებას, წელს მარტო ერთ თვეში გადავიხადეთ 400 000 ლარი, რაც უკავშირდება სეტყვას, ჭარბ ნალექსა და კიდევ სხვა რისკებს. გვაქვს 10-წლიანი გამოცდილება კახეთსა და ქართლში. აჭარაში იმიტომ გადავწყვიტეთ შემოსვლა, რომ სადაზღვევო მომსახურება შევთავაზოთ გლეხებს, რათა სტიქიური მოვლენების რისკებისგან იყვნენ დაცულნი. კახეთში აგროდაზღვევა უფრო მეტად არის განვითარებული, ვიდრე აჭარაში. ამიტომ ფერმერების მონდომება და ჩვენი ძალისხმევა აჭარაში მისცემს ბიძგს აგროდაზღვევის განვითარებას. სახელმწიფომ შექმნა თქვენთვის პირობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია’’, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას „ჯიპიაი ჰოლდინგის’’  საოპერაციო დირექტორმა დიმიტრი ძირტკბილაშვილმა.

 

ფერმერების ინფორმირებულობაში ჩართულნი არიან ქობულეთისა და ხელვაჩაურის გამგეობები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურები.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგი’’  აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ფერმერების მოსავალს დააზღვევს სეტყვის, ჭარბი ნალექის, საშემოდგომო ყინვისა და ქარიშხლისგან. აგროდაზღვევისას ერთი კილოგრამი მანდარინი ფასდება 48 თეთრად, რომლის მინიმალურ საფასურს გადაიხდის ფერმერი, 90% -ზე მეტს კი სახელმწიფო დაფარავს. მაგალითად, თუ კი გაქვთ 1 ტონა მანდარინი, მის დასაზღვევად თქვენ ერთჯერადად 2 ლარსა და 40 თეთრს გადაიხდით.

 

„მანდარინის დაზღვევა სტიქიური მოვლენებისგან სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი, რომ ფერმერი დაცული იყოს ფინანსური ზარალისაგან’’, – ამბობს „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.

 

დაზღვევა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება. თუ ფერმერს არ აქვს ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული,  „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ წარმომადგენლები თავად აიღებენ კოორდინატებს ნაკვეთის საზღვრების დასადგენად.

 

ციტრუსის დაზღვევის ვადა 10 დეკემბრამდეა. აგროდაზღვევისათვის უნდა მიმართოთჯიპიაი ჰოლდინგს’’, მის წარმომადგენლობას სოფლებში ან რაიონულ ცენტრებში, ან დარეკოთ ნომერზე: 577 650 083; 032 25 05 111; 0 422 27 20 39. დაზღვევის გაფორმებას ერთი სამუშაო დღე დასჭირდება. ზარალის შემთხვევაში, ზარალი აგინაზღაურდებათ კომპანიაში საჭირო საბუთების წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ სამინისტროს სურვილი აქვს, აჭარაში დამკვიდრდეს აგროდაზღვევა: „სოფლის მეურნეობაში სტიქიური მოვლენების გამო რისკები მაღალია და ამიტომაც დაზღვევა ყოველთვის მომგებიანია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ ციტრუსის  დაზღვევისთვის 5 მილიონი ლარი გამოყო. ამ ეტაპზე დაზღვევის 95%-მდე სახელმწიფო ფარავს, სამომავლოდ შესაძლებელია 100%-ით დაფაროს ფერმერის მოსავლის დაზღვევა’’.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგი’’  მომდევნო საინფორმაციო შეხვედრას გურიის მოსახლეობასთან გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი