ახალი ამბები

თუ დაკრედიტების სისტემას დაკორექტირება სჭირდება, ლოგიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ – ბახტაძე

21 მარტი, 2019 • 1048
თუ დაკრედიტების სისტემას დაკორექტირება სჭირდება, ლოგიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ – ბახტაძე

“პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას ცოტა ვადროვოთ და თუ ანალიზი აჩვენებს, რომ ციფრები საჭიროებს დაკორექტირებას, პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ,” – განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მის ფეიქბუკ-გვერდზე გასულ პირდაპირ ეთერში.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ შედეგების დეტალურ ანალიზს ეროვნული ბანკი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ახორციელებენ, ხოლო ანალიტიკოსების დასკვნა ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი ციფრების დაკორექტირების საჭიროებას აჩვენებს, მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბახტაძე ასევე დასძენს, რომ დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, ვინაიდან დაკრედიტების სისტემის შემოღებიდან საკმარისი დრო არ გასულა.

“საქართველოში არსებული  დაკრედიტების სისტემა იყო სრულიად უპასუხისმგებლო, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი, სამართლიანი დაკრედიტების სისტემა და გამოვიყენეთ საუკეთესო ევროპული გამოცდილება, რათა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქის, ისევე როგორც კრედიტორის ინტერესი ბოლომდე დაცულია.

რაც შეეხება იმას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ ქართულ ეკონომიკაზე, ბუნებრივია, სამომხმარებლო ნაწილში  დაკრედიტების მოცულობა შემცირდება და ეს ლოგიკურია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია აუცილებელია, რათა დაზღვეული ვიყოთ, რომ სისტემა არ გასცემს ე.წ ტოქსიკურ და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირულ სესხებს. დაკრედიტების არსებული სისტემა ძალიან მძიმე რისკებს ქმნიდა ეროვნული ეკონომიკისთვის. მოგეხსენებათ, Fitch-მა გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი განხორციელებული რეფორმებისთვის, რომელთა ნაწილია სწორედ პსუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა”, – განმარტავს პრემიერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი