ახალი ამბები

ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და ვაჭრობდა თანხაზე – წულუკიანი ახობაძეზე

20 მარტი, 2019 • 2495
ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და ვაჭრობდა თანხაზე – წულუკიანი ახობაძეზე

“ეს ადამიანი იძახდა, აღდგენა არ მინდა, განაცდურზე ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და რეალურად, ვაჭრობდა თანხაზე,” – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თამაზ ახობაძის საქმე დღეს, 20 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას.

თეა წულუკიანის შეფასებით, “ვაჭრობას დინამიკა ჰქონდა” და ახობაძე დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ თანხას ითხოვდა.

“ეს ადამიანი იძახდა, აღდგენა არ მინდა, განაცდურზე ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და რეალურად, ვაჭრობდა თანხაზე. ვაჭრობასაც დინამიკა ჰქონდა, თავიდან ვაჭრობდა, რომ ერთი წლის განაცდური დამიმატეთო და მერე, როცა ერთი წლის განაცდური არავინ დაუმატა იმიტომ, რომ ერთი წლის განაცდურს სასამართლო არ ითვალისწინებდა, შემდეგ ჩამოვიდა ერთ თეთრზე. ეს, მე მგონია, საჯარო მოხელისთვის საკადრისი საქციელი არ არის.

ამასობაში, ერთი თვის წინ, ამ სსიპში გათავისუფლდა ტოლფასი თანამდებობა და ეს ადამიანი მისივე თანხმობით აღდგენილ იქნა, მას ჩაერიცხა არა კომპენსაცია, არამედ განაცდური, რომელიც 70 ათასი ლარის ფარლებშია…

სასამართლომ თქვა, რომ ის ადამიანი, რომელიც მე მიმაჩნია, რომ საქმეს არ აკეთებს, უნდა შეგენახაო და ხელფასი გადაგეხადაო. და ერთიანად მიიღო ამ ადამიანმა ის ხელფასი, რომელიც სასამართლოს აზრით მას უნდა მიეღო. შესაბამისად, აქ  არავითარი ჯარიმა ან კომპენსაცია საუბრის თემა არ არის. ამ ადამიანს, როგროც მე მეუბნებიან, ახლა უნდა, რომ გავათავისუფლოთ, ან რატომ მოდიან, ან რატომ უნდა, რომ გავათავისუფლოთ.

და თქვენ მითხარით, თქვენი პარტიული აქტივია, გავათავისუფლოთ თუ არ გავათვისუფლოთ..,” – ასე მიმართა წულუკიანმა ჭიაბერაშვილს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, რომლებმაც მანამდე ახობაძეზე კითხვა დაუსვეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წულუკიანი პარლამენტში ამბობს, რომ თამაზ ახობაძე ვაჭრობითაა დაკავებული. იგივე შინაარსის განცხადება მან 2018 წელსაც გააკეთა.

თეა წულუკიანმა ისაუბრა ახობაძისა და სუბელიანის საქმეზე და ის დეტალები წარმოადგინა, რომელთა გამოც, მისი თქმით, სუბელიანი და ახობაძე თანამდებობებზე არ აღადგინეს. მან ორივე მათგანი დაადანაშაულა ფინანსური ინტერესებით მოქმედებაში.

“…ქალბატონი სუბელიანი, ბატონი ახობაძე, როგორც კი სააღმსრულებლო ფურცელი შემოვიდა, მაშინვე იყვნენ მიწვეულნი აღსრულების ბიუროში და მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე და თქვეს, რომ მოგვეცით უფრო მეტი ფული და აღვასრულებთ… დიახ, ფულზე ვაჭრობა იყო,” – თქვა მაშინ წულუკიანმა. 


თამახ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრში (საიდანაც ის ანა სუბელიანთან ერთად გაათავისუფლეს) აღდგენას 2014 წლიდან ითხოვდა. მან დავა წამოიწყო იუსტიციის სამინისტროსთან და ორჯერ სამივე ინსტანციაში მოუგო. თუმცა ის თანამდებობაზე 2019 28 თებერვლამდე არ აღადგინეს.

ახობაძე თანამდებობაზე მას შემდეგ აღადგინეს, რაც მან იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო, შიმშილობამდე კი მინისტრის მოადგილეს შეხვდა, თუმცა, შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო.

 

სუბელიანისა და ახობაძის საქმე მოკლედ

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე).

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

როგორც მოსარჩლე მხარე განმარტავს, დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

მათივე განცხადებით, ცენტრი ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობდა უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც არ ხდებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა აღსადგენი პოზიცია. თუმცა, საიას განცხადებით, ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს არ წარუდგენია სასამართლოში საქმის განხილვისას.

“საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანანო, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მათ შორის თანხის განწილვადების ნაწილში), ასევე – შესაბამის პოზიციაზე/ტოლფას პოზიციაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული ქმედებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ცენტრის მიერ მათ აღდგენამდე პერიოდისთვის,”- განაცხადა ბრიფინგზე საიამ.

4 აპრილს, თამაზ ახობაძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის მიღების გადაწყვეტილება ბათილად ცნო. თამაზ ახობაძის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მორის ბარამიას შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ბარამია სასამართლო პროცესში უნდა იყოს ჩართული. მორის ბარამია სწორედ ის ადამიანია, რომელმაც დანაშაულის პრევენციის ცენტრში თამახ ახობაძის გათავისუფლების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

სარჩელის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება ახობაძემ უზენაესში გაასაჩივრა. როგორც ახობაძემ ნეტგაზეთს უთხრა, 23 ივლისის გადაყწვეტილებით, სასამართლომ თქვა, რომ მესამე მხარის ჩართულობა “არაფერ შუაშია და არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს,”.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევდა, რომ ახობაძე–სუბელიანის გათავისუფლება იყო კანონიერი და მომჩივნებს პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში ადანაშაულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი