ახალი ამბები

კანონი უშვებს აბსურდებსაც – წულუკიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესახებ

20 მარტი, 2019 • 1280
კანონი უშვებს აბსურდებსაც – წულუკიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესახებ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა იუსტიციის მინისტრს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა ის, რომ დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სავალდებულო სამხედრო გაწვევის შესახებ დისკრიმინაციულია.

წულუკიანის თქმით, თუკი ამ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ერთ დონეზე არ აყენებს მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს, ეს იქნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამობა.

“მე ვფიქრობ, ის კონფესიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ასევე, სხვები წარმოადგენენ აქ, არის ე.წ. ტრადიციული კონფესიები. ყველა ამ ეკლესიას და კონფესიებს, აღმსარებლებს არავითარ შემთხვევაში არ ესაყვედურებათ ის, რასაც ეს კანონპროექტი საყვედურობს ზოგიერთ ახლად შექმნილ რელიგიურ გაერთიანებას,  რომელიც სარგებლობს კანონით და რეალურად, სავალდებულო სამსახურიდან ფიქტიური მიზეზით ათავისუფლებს. ჩემს სისტემაშიც ყოფილა რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მოიტანა ცნობა, მე “გირჩის” თუ რომელიღაც ორგანიზაციის მიმდევარი ვარ და არ წავალ ჯარშიო. მე მგონი, ოკუპირებულ ქვეყანაში ამგვარი საქციელი ცოტა სირცხვილია, მაგრამ თუკი ამ კანონპროექტში  იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ერთ დონეზე არ აყენებს მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს, ეს იქნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამობა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ზოგადად კანონში არის სხვადასხვა პრობლემა და ამის მაგალითად დაასახელა ზურაბ ჯაფარიძის მიერ პოლიტიკური დემარშისთვის სახელ გირჩის დარქმევა.

“დღეს მას ჰქვია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მე არ მქონია უფლება, მეთქვა: ამას ნუ აკეთებ. ეს რამდენად მოსწონთ მის შთამომავლებს, მე არ ვიცი, მაგრამ კანონი უშვებს ასეთ აბსურდებსაც და დღეს ადამიანს ჰქვია ის, რაც ჰქვია”, – დასძინა აწულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. სესიაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი