ახალი ამბები

როგორ გაუმკლავდა შიშველი ხელებით წალკელი ტარიელ მიქელაძე მგელს

20 მარტი, 2019 • 5199
როგორ გაუმკლავდა შიშველი ხელებით წალკელი ტარიელ მიქელაძე მგელს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელი ადგილობრივებს თავს დაესხა. მტაცებლის მოგერიება 24 წლის ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც მას უიარაღოდ შეებრძოლა. ინციდენტი 19 მარტს, საღამოს მოხდა.

წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, ანზორ ხინიკაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ ტარიელ მიქელაძემ მგელი მართლა უიარაღოდ დააკავა, რომელიც შემდეგ მეზობლებმა ხელკეტებითა და ნაჯახით მოკლეს.

მთლად ვეფხისტყაოსანს ვერ გამოვიყვანთ, მაგრამ გაბედული ბიჭია და შიშველი ხელებით მართლა შეაკავა მგელი”, – უთხრა ნეტგაზეთს გამგებლის პირველმა მოადგილემ.

სოფელი ჩრდილისუბანი ტყესთან ახლოსაა და თეთრიწყაროს რაიონის საძოვრებს ესაზღვრება. დიდი ალბათობით, მგელი სწორედ იქიდან გადმოვიდა, რომელმაც ერთ-ერთ ქალს ხელზე უკბინა, ხოლო მეორეს ყელის არეში.

დაზიანებები მიიღო ტარიელ მიქელაძემაც, თუმცა სამივე დაშავებულს სასწრაფოდ ჩაუტარდათ აცრები და მათი ჯანმრთელობის მდგოამრეობა სტაბილურია.

ანზორ ხინიკაძის თქმით, მოკლული მგელი სავარაუდოდ ცოფიანი იყო, რადგან საცხოვრებელი სახლის აივანზე საეჭვოდ აძვრა და დაესხა ადამიანებს თავს. გამგებლის პირველი მოადგილე ვერ იხსენებს წალკაში მგლის შესვლის სხვა შემთხვევებს.

  • ქავერის ფოტოზე: მოკლული მგელი და ტარიელ მიქელაძე
  • სურათები მოგვაწოდა ჯაბა ხინიკაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი