ახალი ამბები

მიატოვეთ ცხედრები და გამოიქეცით ისე, რომ კეფაში ფეხებს ირტყამდით – წულუკიანი სამადაშვილს

20 მარტი, 2019 • 1746
მიატოვეთ ცხედრები და გამოიქეცით ისე, რომ კეფაში ფეხებს ირტყამდით – წულუკიანი სამადაშვილს

“ქალბატონო სალომე, თქვენ იკადრეთ უკადრებელი, რაც საქართველოს არცერთმა მოქალაქემ, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, არ უნდა იკადროს და დამადანაშაულეთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ”, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილს.

მანამდე სალომე სამადაშვილი დაინტერესდა იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიით აგვისტოს ომის საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით.

“მაინტერესებს თქვენი შეფასება, დაეხმარება თუ არა საქართველოს ინტერესებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ  გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა საკუთარი ტერიტორია, საკუთარი მაცხოვრებლები. რა ზეგავლენას იქონიებს ეს ჰააგაში მიმდინარე პროცესებზე? გთხოვთ განგვიმარტოთ, თქვენი ტაქტიკა და სტრატეგია როგორია ჰააგასა და სტრასბურგთან მიმართებაში, იმიტომ, რომ მე რას ვფიქრობ ამაზე, ჩემს გამოსვლაში მოგახსენებთ, როგორ თანამშრომლობს ჰააგის ტრიბუნალთან რეალურად თქვენი უწყება და თქვენი პროკურორები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თეა წულუკიანს არ უპასუხია სალომე სამადაშვილის კითხვის იმ ნაწილისთვის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს შეეხება და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის შესახებ ბრალდებაზე ისაუბრა.

“გრცხვენოდეთ ამ განცხადების, როგორც ყოფილ ელჩს, რომელიც ასეთ უკადრებელს არ უნდა კადრულობდეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ყველაზე კარგად იციან, ვინ მუშაობს მათ ინტერესებში, მათ შორის ისიც ახსოვთ, არაერთი მათგანი რუსეთმა რომ მოგვიკლა, როგორ მიატოვეთ ცხედრები და გამოიქეცით ისე, რომ ფეხებს ირტყმადით კეფაში. ამიტომ ნუ იკადრებთ იმას, რისი კადრებაც არ შეგეფერებათ, იმიტომ, რომ ჯიბეში გიდევთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი”, – მიმართა წულუკიანმა დეპუტატს.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლობს ფატუ ბენსუდას უწყებასთან არა იმისთვის, რომ ქართული ინტერესი დაზიანდეს, არამედ იმისთვის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა და ქართველი ტყვეების წამება დაამტკიცოს.

“რომ გვგონია, რომ პოლიტიკური განცხადებები არის საკმარისი, რომ დამტკიცდეს, ამისთვის საჭიროა, სამართლებრივი დოკუმენტი დავიჭიროთ ხელში, ისეთი, როგორიც გვიჭირავს დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის ნაწილში და რომელიც, დიდი იმედი მაქვს, ხელში გვექნება ომის საქმეზე სტრასბუგრის სასამრთლოს მხრიდან. რომელიც იქნება პირველი სასამართლო დოკუმენტი, რომელიც თქვენ თუ დაბრუნდებით ხელისუფლებაში, თქვენ გამოიყენებთ და თქვენ თუ ვერ დაბრუნდებით და ქალბატონი ადა გახდება იუსტიციის მინისტრი, ის გამოიყენებს, თორემ მე აქ, რა თქმა უნდა, 2020 წლის მერე აღარ ვიქნები”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი