ახალი ამბები

რატომ ვერ უყურებენ პატიმრები ციხეებში რ2-ს – წულუკიანის განმარტება

20 მარტი, 2019 • 1378
რატომ ვერ უყურებენ პატიმრები ციხეებში რ2-ს – წულუკიანის განმარტება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, დღესდღეობით არცერთ საპატიმროში ტელეკომპანია რუსთავი 2 არ მაუწყებლობს, თუმცა, ყველა საპატიმროში “არის ერთი და იგივე ოდენობის ერთი და იგივე არხები”.

ამ განცხადებით წულუკიანმაა ენმ-ის ლიდერის, რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა. გოცირიძემ პარლამენტში იკითხა, თუ რატომ არ აჩვენებენ “რუსთავი 2”-ს სასჯელაღსრულების სისტემაში.

“რატომ ბლოკავთ ერთადერთ და ყველაზე მნიშვნელოვან სატელევიზიო არხს ციხეებში? რატომ უკრძალავთ ადამიანებს, მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ?” – აღნიშნა გოცირიძემ.

წულუკიანი ამ კითხვაზე პასუხობს, რომ სანამ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს გააერთიანებდნენ, არსებობდა არხების შერჩევის ერთი კონკრეტული გზა, რომელსაც გაერთიანების შემდეგაც იყენებენ.

“ზოგ პატიმარს არ უნდა რუსთავი 2-ის ყურება, ზოგს უნდა, ზოგს ის არხები არ უნდა, რომელიც გვაქვს, მათ შორის, არც რ2- და არც კიდევ სხვა. ზოგჯერ არის, რომ ეთნიკური უმცირესობების ენაზე მაუწყებელი კონკრეტული არხი არ უნდა და უნდა სხვა.

თუ თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ მხოლოდ ერთ, მეცხრე დაწესებულებაში არ არის ეს ტელეარხი, ეს ასე არ არის. ყველგან არის ერთი და იგივე ოდენობის ერთი და იგივე არხები. ის პასუხი, რომელსაც წინა სამინისტრო იძლეოდა, არის ის, რომ თავად რ2-მა გაწყვიტა საკონტრაქტო ურთიერთობა “თურქსატთან” და სწორედ ეს არის მიზეზიო.

ეს ის პასუხია, რაც შემიძლია მოგცეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს არის [სამინისტროების] გაერთიანებამდე შემუშავებული პასუხი, რომელიც დღესაც ძალაშია და მე ვაღიარებ, რომ ტექნიკურად შესწავლილი ეს საკითხი არ მაქვს. შევისწავლით ამას და პატიმრების სურვილებს… ალბათ, თქვენც არ მოგეწონებოდათ, ერთი ჯგუფი ითხოვდეს რუსთავი 2-ს, სხვა ჯგუფები – სხვას და ეს არხი ჩავრთოთ და სხვა…,” – ამბობს წულუკიანი.

წულუკიანის ამ პასუხს ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. დეპუტატმა გიგა ბოკერიამ იკითხა,  შეიძლებოდა თუ არა არხების გადართვა. წულუკიანის თქმით, “არხების გადართვა რომ შეიძლებოდეს, არხები უნდა იყოს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი