ახალი ამბები

სოცმუშაკებთან შეხვედრაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – ჯანდაცვის სამინისტრო

20 მარტი, 2019 • 1499
სოცმუშაკებთან შეხვედრაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, სამინისტროში სოცმუშაკებთან მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართება. ამ განცხადებით სამინისტრო გამოეხმაურა წინასაგაფიცვო პროცესში მყოფ სოცმუშაკების დღევანდელ ბრიფინგს, სადაც მათ ჯანდაცვის სამინისტრო სავარაუდო ზეწოლაში დაადანაშაულეს.

სოცმუშაკების ინფორმაციით, დღეს, 17:00  საათზე, მედიაციის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო სოცმუშაკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. აქამდე სამინისტროს კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ საინიციატივო ჯგუფთან.

თუმცა სოცმუშაკები ამბობენ, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც ზემოხსენებული შეხვედრა უნდა გამართულიყო, მედიაციის პროცესის გვერდის ავლით სამინისტრო “ავალდებულებს რაიონული სევრისცენტრებიდან სოციალურ მუშაკებს დაესწრონ სავალდებულო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან”.

“დღეს, 17:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მედიაციის ფარგლებში, სოციალურ მუშაკებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. რომელსაც ასევე სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა ის აქტუალური საკითხი, რაც სოციალურ მუშაკებს წარმოდგენილი აქვთ მედიაციის პროცესის ფარგლებში. მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია სოციალურ მუშაკებთან ორ პარალელურ შეხვედრასთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს”, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ არანაირი პარალელური შეხვედრა უწყებაში დაგეგმილი არ ყოფილა. მედიაციის ფარგლებში გაფართოებულ შეხვედრას დღეს სოცმუშაკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაესწრებიან.

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი