ახალი ამბები

ტაქსისტები მანქანების თეთრად შეღებვის წინააღმდეგ გამოდიან

20 მარტი, 2019 • 2150
ტაქსისტები მანქანების თეთრად შეღებვის წინააღმდეგ გამოდიან

თბილისში მომუშავე ტაქსისტების ნაწილი სხვადასხვა ახალ რეგულაციას, ძირითადად კი, მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულებას აპროტესტებს და ამის შესასრულებლად დროის გადავადებას ითხოვს.

20 მარტს თბილისის მერიასთან ათობით ადამიანი შეიკრიბა და ქალაქის მთავრობის დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტა. მძღოლებმა გადაწყვიტეს, ერთ კვირაში, 27-ში მარტს, 14:30-ზე რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის (ვარდების) მოედანზე შეიკრიბონ და საპროტესტო მსვლელობა მოაწყონ.

რა მოთხოვნები აქვთ ტაქსისტებს?

ტაქსისტების მოთხოვნები ასეთია:

  • გაუქმდეს ტაქსების თეთრად შეღებვის ვალდებულება (2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება, რომ ყველა ლიცენზირებული ტაქსის მანქანა თეთრი ფერის იყოს);
  • ტექდათვალიერება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იყოს აუცილებელი (ტაქსების ტექდათვალიერება წელიწადში უკვე ორჯერაა სავალდებულო);
  • ორკარიან და მარჯვენასაჭიან მანქანებს კვლავ ჰქონდეთ უფლება, ტაქსებად იმუშაონ;

ეს მოთხოვნები ნეტგაზეთს გააცნო ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც პარტიის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა მერიასთან აქციაზე. “არსებობდეს არა დრაკონული, არამედ ადამიანური რეგულაციები. ტაქსებზე დაბალი ფასიც შენარჩუნდეს … და ამ ადამიანებს სამუშაო ადგილებიც გადაურჩეთ”, — განაცხადა ჩხარტიშვილმა.

[red_box]რატომ არ უნდათ შეღებვა?[/red_box]

ნეტგაზეთი აქციაზე მყოფ რამდენიმე ტაქსისტს ესაუბრა, რომლებმაც ჩამოთვალეს ის მიზეზები, რის გამოც მანქანების თეთრად შეღებვას აპროტესტებენ. ერთ-ერთი მათგანი, გოგა აბულაძე გვეუბნება, რომ მანქანის გადაღებვა არ აწყობთ, რადგან გადაღებვა ავტომობილის საბაზრო ფასს დააგდებს, მათ კი, შესაძლოა, მუდმივად არ მოუწიოთ ტაქსისტად მუშაობა და მანქანის გაყიდვა მოუნდეთ;

ამასთან, მისი თქმით, მანქანის “ნორმალური გადაღებვა” 1500-1700 ლარი ჯდება და “მერიის 700-ლარიანი ვაუჩერი საკმარისი არ არის”.

ამას გარდა, როგორც აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ვალერი კენჭიაშვილი ამბობს, ამ ვაუჩერის სანაცვლოდ რეკლამების განთავსება არ აწყობთ, რადგან მანქანას პირადი მოხმარებისთვისაც იყენებენ; “გინდა პანაშვიდზე წავიდე, გინდა ქორწილში, რატომ უნდა ვატარო ეს რეკლამა? ნამდვილად არ მინდა, რომელიმე პოლიტიკოსი მყავდეს გაკრული მანქანაზე იმიტომ, რომ ამ მანქანით არა მარტო ტაქსით დადიხარ, არამედ პირადი მოხმარებისთვისაც იყენებ”.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ შესაძლოა, მანქანის მესაკუთრემ (ტაქსისტების ნაწილი მანქანას ქირაობს) ან ბანკმა მათ შეღებვის უფლება არ მისცეს: “ბანკში რომ გაქვს მანქანა ჩადებული, — და ნახევარზე მეტს ასე აქვს, — მომცემს ბანკი უფლებას, რომ გადავღებო”? — ამბობს იგი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ ბანკიდან 13 650 ლარი აქვს გამოტანილი, 28 თვის განმავლობაში 800 ლარი უნდა იხადოს, ყოველდღიური აუცილებელი ხარჯების გათვალისწინებით კი დამატებით შეღებვის ფულს ვერ გადაიხდის: “როგორ, რითი შევღებო მე ეს მანქანა”?

“ვითხოვთ, რომ გადაწიონ [ამ რეგულაციების ამოქმედების ვადა], ერთი სამი წლით გააუქმონ”, — ეუბნება გოგა აბულაძე ნეტგაზეთს. “ქვეყანა თუ იმ დონეზეა, რომ მარტო თეთრი ტაქსი აკლია, კი ბატონო. თუ ეგრეა, ჩემი ხელით ავდგები და ჩემი ხელით შევღებავ”.

[red_box]მერიის პასუხი[/red_box]

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ 20 მარტს ჟურნალსტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტაქსისტების მოთხოვნები რეგულაციების ძალაში შესვლის გადავადებაზე, ფერის სტანდარტის ცვლილებაზე, მარჯვენა საჭის შეზღუდვის მოხსნაზე “მიუღებელია და ვერ დაუშვებენ”.

“თუ ვინმე ამბობს, რომ მანქანა ნაქირავები ჰყავს, შეუძლია მეპატრონესთან შეთანხმებით გადაღებოს. ჩვენ ყველა ეს გარემოება გათვალისწინებული გვაქვს და ტაქსის არცერთ მძღოლს გამოუვალი მდგომარეობა არ აქვს”, — განაცხადა მან.

ხმალაძის თანახმადვე, მათი ვაუჩერი ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს. “იმ შემთხვევაში, თუ მანქანა სხვა შეკეთებასაც საჭიროებს, ეს უკვე მანქანის მესაკუთრის საქმეა. ჩვენ ვნახეთ უკვე გადაღებილი მანქანები და დადასტურებულია, რომ ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი სრულად ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს”,- განაცხადა ხმალაძემ.

“მგონია, რომ დროული რეფორმაა. ყველა ნორმალურ ქალაქში რეგულირებულია ეს საქმე და ამ რეგულირებით, პირველ რიგში, ტაქსისტები სარგებლობენ”,- განაცხადა მან.


დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ ოქტომბერში განაცხადა, რომ ამ ვაუჩერებში თანხა მერიის ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. ტაქსის მძღოლებს აღნიშნულ ვაუჩერებს მერიის მეირ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია გადასცემს, რომელსაც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭება.

მასალების გადაბეჭდვის წესი