ახალი ამბები

ლიბერთი ბანკის განცხადებით, 9 წლის ბავშვს მკურნალობისთვის გადარიცხული თანხა დაუბრუნეს

20 მარტი, 2019 • 1310
ლიბერთი ბანკის განცხადებით, 9 წლის ბავშვს მკურნალობისთვის გადარიცხული თანხა დაუბრუნეს

18 მარტს საქველმოქმედო ფონდმა “დედის ხელები” სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ 9 წლის ბარბარეს საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხულ საქველმოქმედო თანხას, რომელიც მას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სჭირდება, ლიბერთი ბანკმა ინკასო დაადო, რადგან გასულ წელს ბავშვის ოპერაციისთვის მშობლებს დასჭირდათ პენსიის წინასწარ გამოტანა.

ლიბერთი ბანკმა დღეს, 20 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ მსგავსი შემთხვევები, კერძოდ, სესხის თანხის ავტომატურად ჩამოჭრა, ხორციელდება პროგრამულად და ყველა ასეთ შემთხვევაში, მაქსიმალურად ითვალისწინებენ კონკრეტული მომხმარებლის ინტერესს. ბანკი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შესულ განაცხადზე რეაგირება ხდება ოპერატიულად და მედიის ჩარევის გარეშე.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ განაცხადი შემოვიდა გუშინ, 19 მარტს, სამუშაო დღის ბოლოს და რეაგირება განხორციელდა დღეს, 20 მარტს, სამუშაო დღის დაწყებისთანავე. ავტომატურად ჩამოჭრილი თანხის დაბრუნების შესახებ მყისიერად ეცნობა მომხმარებელს”, – აცხადებს ლიბერთი ბანკი.

9 წლის გოგონა საზოგადოებამ ერთი წლის წინ სატელევიზიო სიუჟეტიდან გაიცნო და მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ფონდის ინფორმაციით, ბავშვს ჰქონდა პოსტოპერაციული პარაპლეგია, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია და სხვა სახის პრობლემები.

როგორც ფონდი წერს, თურქეთში ჩატარებული რამდენიმე ურთულესი ოპერაციის შემდეგ, გოგონა დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, თუმცა მის ხერხემალზე არსებული ლორდოზი პატარას ნორმალურ განვითარებას აფერხებს და სხვა სერიოზული პრობობლემების საშიშროებას ქმნის.

ფონდის ინფორმაციით, გოგონას ასევე ესაჭიროება ხანგრძლივი ფიზიო და რობოტოთერაპია, რომელიც მხოლოდ თურქეთში ტარდება, ხოლო ამ ყველაფრისთვის დიდი თანხებია საჭირო. ბავშვის ოჯახი ისევ საზოგადოებას მიმართავს დახმარებისთვის.

რეკვიზიტები თანადგომის მსურველთათვის - დააკლიკეთ

ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან (ღირებულება: 1 ლარი): 0 901 701 225

[checklist]

  • საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400
  • თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015
  • ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001

[/checklist]

საიდენტიფიკაციო კოდი: 406179987

ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ “დედის ხელები”

გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტზეც, სადაც დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ “ბარბარე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი