ბრძოლა გრძელდება! – ალიევის მიერ შეწყალებული აქტივისტი

“სანამ ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი არ დატოვებს ციხეს, ბრძოლა გრძელდება!”-  აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ შეწყალებული და ციხიდან გათავისუფლებული აქტივისტი გიას იბრაჰიმოვი Meydan.tv-სთან საუბარში.

ახალგაზრდული მოძრაობა NIDA-ს აქტივისტები, ბაირამ მამედოვი და გიას იბრაჰიმოვი 2016 წლის მაისში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ძეგლზე ლოზუნგების დაწერის გამო 10-10 წლით დააპატიმრეს. 

“ეს იყო რეჟიმის, სისტემის, ხელისუფლების მიმართ პროტესტი. არასწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ციხეში მოხვედრა მსურდა. ვის სურს ეს? ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გვიჭერდა მხარს, მადლობა მათ. მხარდაჭერა მხოლოდ ის არ არის, მოხვიდე, ციხის კარი ჩამოიღო და პატიმარი გაათავისუფლო. მხარდაჭერა სხვადასხვანაირია. დიახ, ჩვენ გამოვედით ციხიდან, მაგრამ დიქტატურაში ვცხოვრობთ”.

კითხვაზე, იყო თუ არა წამებას ფაქტები ციხეში ყოფნის დროს, ამბობს:

“დიქტატურის რეჟიმის დროს ჩადენილი წამება ციხეებში ადრე თუ გვიან შესაბამისად დაისჯება. როდესაც გაჩნდება ამ ადამიანების დასჯის შესაძლებლობა, ეს მოხდება. ოდესღაც ყველაფერი შეიცვლება ჩვენთან”, – ამბობს იბრაჰიმოვი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 16 მარტს ხელი მოაწერა 430 მსჯავრდებულის შეწყალების განკარგულებას. მათ შორისაა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 51 აზერბაიჯანის მოქალაქე.

2019 წელს გამოქვეყნებულ სიაში, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაციები ადგენენ, აზერბაიჯანში 127 პოლიტპატიმარი ირიცხებოდა. ამ დროისთვის აზერბაიჯანის ციხეებში 74 პოლიტპატიმარი რჩება, მათ შორის არიან ჟურნალისტები, ბლოგერები და პოლიტიკური აქტივისტები. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 2019 წლის შეწყალება ყველაზე უპრეცედენტოა გათავისუფლებულ პოლიტპატიმართა რაოდენობით.

ამ დრომდე ციხეში რჩება გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის,  კრიტიკისა და  ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი