ახალი ამბები

“ფაკულტეტი მოშლილია” – აგრუნის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები

26 მარტი, 2019 • 4036
“ფაკულტეტი მოშლილია” – აგრუნის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ შარშან უნდა დაემთავრებინათ სწავლა, თუმცა პროგრამის ცვლილების გამო კიდევ წელი დაემატათ. მათი თქმით, ზოგ სტუდენტს ამ ცვლილებების გამო რამდენიმე წელიც ემატება.

როგორც სტუდენტები ამბობენ, სამი საგანი (ქირურგია, პარაზიტოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია) მეხუთე კურსის ნაწილია, თუმცა უკვე გავლილი აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა იმავე საგნებში თავიდან იხდიან ფულს.

სტუდენტები თვეების განმავლობაში ჩივიან კომუნიკაციის პრობლემაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, უსამართლოდ მიიჩნევენ საგნების დამატებას და ამბობენ, რომ ვეტერინარიის ფაკულტეტი სტრუქტურულად მოშლილია.

  • სადავო საგნები:

როდესაც ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობდნენ ქირურგიას, ეს საგანი მოიცავდა როგორც ზოგადს, ასევე კერძო ქირურგიას. მათი თქმით, ახლა ზოგადი და კერძო ქირურგია გაიყო და ამიტომ კერძო ქირურგიის მთელ კურსს თავიდან ასწავლიან, თუმცა გაყოფილ საგნებს აბსოლუტურად იდენტური პროგრამები აქვთ.

როგორც სტუდენტები ჰყვებიან, ასეთივე საგანი იყო მეანობა და გინეკოლოგია, რომელიც დარჩა, მაგრამ დამეატა ცხოველთა გამრავლების ბიოტექნოლოგია, სადაც აბსოლუტურად იგივე ისწავლება, რაც გავლილ საგანში. მათ კითხვები აქვთ საგან პარაზიტულ დაავადებებთან დაკავშირებითაც.

სტუდენტების თქმით, ლექტორიც კი აღნიშნავს, რომ პარაზიტული დაავადებების I და II ნაწილში აბსოლუტურად ერთი და იგივე ისწავლება. მათი თქმით, პარაზიტული დაავადებები 1 ჩაუთვალეს, მაგრამ ახლა ცალკე საგნად გადიან პარაზიტულ დაავადებებ 2-ს, სადაც იგივე ისწალება, რაც უკვე გავლილი აქვთ.

სტუდენტები უნივერსიტეტში მათ პრობლემებზე - დააკლიკეთ

გვანცა

პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: იმ მეხუთეკურსელებს, რომლებსაც შეგვეძლო წელს უნივერსიტეტის დამთავრება, გაგვიჩნდა ახალი პრობლემა – უნდა დაგვემატებინა დამატებით სამი საგანი, რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ ვერ ვამთავრებდით წელს სასწავლო კურსს.

თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, უნიერისტეტმა გააკეთა შეღავათი და გვითხრეს, რომ გვაძლევენ საშუალებას, დავამთავროთ ამ წელს. ასეთი ვართ 5 ადამიანი, რომლის გამოც გაკეთდა შეღავათი და ის სავალდებულოდ გასავლელი საგნები გვიღიარეს გავლილად, რათა შევძლოთ სემესტრის ბოლოს უნივერსიტეტის დამთავრება. ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, გაგვახარა. თუმცა, სტუდენტები შევთანხმდით, მოვითხოვდით დამადასტურებულ საბუთს ან უბრალოდ ხელმოწერას, რათა გვქონოდა გარანტია იმისა, რომ წლის ბოლოს აღარაფერი შეიცვლებოდა. როდესაც ჩვენი ფაკულტეტის ხელმძღვანელს ვუთხარი ეს, ამ ინფორმაციამ საკმაოდ დიდი გაღიზიანება გამოიწვია მასში და ხმამაღალი ტონით დამიწყო საუბარი, თუ რატომ მომივიდა ეს იდეა თავში და რომ არავინ მოაწერს ხელს ასეთ საბუთს. მეტიც, მიაყოლა, რომ ეს მისთვის დიდი შეურაცხყოფაა და ჩემი მხრიდან დიდი უნდობლობა.

ნინო

სავეტერინარო ფაკულტეტი სტრუქტურულად მოშლილია. უნივერსიტეტი ყველანაირ პასუხისმგებლობას იცილებს სტუდენტზე, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში შეაქვს თავად ცვლილებები და სრულ გაურკვევლობაში ტოვებს სტუდენტს! ხელმძღვანელებთან ერთწლიანი გასაუბრებების მიუხედავად მაინც ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა და პასუხი ერთი აქვთ: გარანტიას ვერაფერზე ვიძლევითო. ოთხწლიანი სწავლისა და აკადემიურის აღებიდან ხუთი წლის შემდეგ მიუქმებენ საგნებს თავის კრედიტებიანად და მიმატებენ 30-მდე გასავლელ საგანს, რომელზეც დღემდე გაურკვეველია, მეკუთვნის თუ არა ამ არგავლილი საგნების გამო თანხის გადახდა.

ივა

ვეტერინარიის ფაკულტეტზე ცვლილება 8 თვის წინ განხორციელდა და ზუსტად ამდენი ხანია ვცდილობ, რომ ვინმესგან სრულყოფილი, ოფიციალური, სანდო პასუხი მივიღო- პროგრამის ხელმძღვანელისგან, პრორექტორისგან, ფინანსური სამსახურისგან, თუმცა, უშედეგოდ! რამდენიმე ადამიანი ერთსა და იმავე კითხვაზე სხვადასხვა პასუხს გვცემს და შემდეგ თავისსავე პასუხს ცვლიან.

მე გასავლელი მქონდა მხოლოდ 5 საგანი, პროგრამის შეცვლის შემდეგ 5 საგანი გადაიქცა 25-ად. უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელი თავს არიდებს ოფიციალურ პასუხებს და მხოლოდ სიტყვიერი დაპირებით იფარგლება. უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმაზეც კი არ იძლევიან განმარტებას, თუ რა პრინციპით ხდება შერჩევითად სტუდენტებისთვის საგნების აღიარება (ერთი და იგივე საგანი ზოგს უღიარდება, ზოგს კი – არა).

ასეთი მდგომარეობა იყო იქამდე, სანამ გაიგებდნენ, რომ საჩივარი შევიტანეთ. ამ ამბის გაგების შემდეგ პრორექტორმა თავად გვთხოვა შეხვედრა. სამსაათიანი გარჩევების შემდეგ საბოლოო პასუხი იყო, რომ ისინი იმის გარანტიასაც ვერ მაძლევენ, თუ რამდენად სწორად მომაწოდეს ინფორმაცია ამ შეხვედრაზე, რადგან შესაძლოა, რამე შეშლოდათ. აბსოლუტურად ყველაფერს აბრალებენ კანონის ცვლილებებს და თავს იმართლებენ იმით, რომ მათ ინტერესებში არაა სტუდენტების დიდხანს დატოვება უნივერსიტეტში, რაც შესაძლოა მართალიც იყოს. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ერთსა და იმავე საგნებს რამდენჯერმე გავდივართ და პირობა მოგვცეს, აუცილებლად შეისწავლიდნენ და გამოასწორებდნენ ამ ხარვეზს.

მე პირადად, ბოლო შეხვედრის შემდეგ არ გამოვრიცხავ იმას, რომ სწორედ მიღებული კანონების გამო მოხდა სწავლის გაჭიანურება და გადასახადის გაზრდა. პრორექტორები, დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი და ფინანსური სამსახური ინფორმირებულია სტატიისა და საჩივრის შესახებ, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ამ სტატიის დაწერა მიზნად არ ისახავს უნივერსიტეტისთვის იმიჯის შელახვას. ჩვენ გვინდა ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას და პასუხისმგებელ პირებს.

სანდრა

უნივერსიტეტში პრობლემები იმდენად ბევრი და სერიოზულია, მოკლედ და ქრონოლოგიურად მათი გადმოცემა არც ისე მატივი საქმეა. სასწავლო პროგრამასთან ერთად, პროგრამის ხელმძღვანელიც შეგვიცვალეს და არეულობაც მოჰყვა ამ ყველაფერს. ალბათ ჩემმა მეგობრებმა უკვე მოგახსენეს საგნებთან და გადასახადებთან დაკავშირებით, ამიტომ იმას დავამატებდი, რომ ზემოთ ხსენებულ პროგრამის ხელმძღვანელს, დეკანს და სხვებს, აგდებული დამოკიდებულება აქვთ სტუდენტების მიმართ, ზოგ სტუდენტს ხელფასზე დასცინიან, ზოგს აკადემიურ მოსწრებაზე- “მაინც იმდენი საგანი გაქვს ჩარჩენილი, რა მნიშვნელობა აქვს, როდის დაგემატება?”. არაღიარებული კრედიტები, რამდენჯერმე გავლილი ერთი შინაარსის საგნები, გადასახადის არცოდნა, ეს პრობლემები ყველა ჩვენგანს ეხება, თუმცა ბევრი ეგუება, ბევრსაც ეშინია.

აიდა

პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც პროგრამის შეცვლა გადაწყვიტეს და სტუდენტების აზრი არც კი იკითხეს. ერთ სემესტრში ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა. მე პირადად გაცვლითი პროგრამით ვიყავი იტალიაში და ამის გამო სემესტრი მემატებოდა და ამ აზრს კი შევეგუე, მაგრამ ჩამოსვლისთანავე აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ერთი სემესტრი არ იყო. თავისუფლად შემეძლო ამ სემესტრში სწავლა დამემთავრებინა, რომ არა ერთი საგანი – “თერაპია”. ის წინა წელს პირველ სემესტრში ისწავლებოდა. ამ წლის პირველ სემესტრში, წესით, უნდა ამერჩია და “იდეაში” სწავლას ვამთავრებდი, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენს ფაკულტეტზე აბსოლუტური ქაოსია, საგანი პირველ სემესტრში აღარ ისწავლებოდა და მეორე სემესტრში მისი მეორე ნაწილი მებლოკებოდა. თუმცა ჩემთვის გამონაკლისი გააკეთეს და დამიშვეს ლექციებზე. მაგრამ საგნის გამო წელს მაინც ვერ ვამთავრებ და იმ ბედნიერ ხუთეულში, რომელთაც დაჰპირდნენ, წელს უეჭველი მორჩებოდნენ, მაინც ვერ ვხვდები.

 

ნეტგაზეთი აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული მაგისტრის პროგრამის ხელმძღვანელს დაუკავშირდა სტუდენტების პრობლემებთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე საპასუხო კომენტარისთვის. ბესარიონ ლასარეიშვილმა კითხვების გაგზავნა ელექტრონულ მისამართზე გვთხოვა.

კითხვების გაგზავნის შემდეგ ლასარეიშვილმა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერთან გადაგვამისამართა, რომელსაც აღნიშნული კითხვები, ასევე, ელექტრონულ მისამართზე გავუგზავნეთ, თუმცა პასუხები თითქმის ერთი კვირაა, არ მიგვიღია.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საპასუხო კომენტარს სტუდენტების პრობლემებთან და პრეტენზიებთან დაკავშირებით მიღებისთანავე ამავე მასალაში გაცნობებთ.

ძირითადი კითხვები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან

  1. რატომ და როდის გადაწყდა აღნიშნული საგნების დამატება, თუკი იგივე ცოდნა უკვე მიღებული აქვთ სტუდენტებს მსგავს ან მომიჯნავე საგნებში?
  2. ვინ და რის საფუძველზე მიიღო აღნიშნული საგნების დამატების გადაწყვეტილება?
  3. გააფრთხილა თუ არა უნივერსიტეტმა ამის შესახებ სტუდენტები, როდესაც ცვლილებას გეგმავდა? როდის? რა ფორმით? რამ გამოიწვია კომუნიკაციის პრობლემა?
  4. არსებობს თუ არა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც სტუდენტები დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი კანონიერად გადაწყდა? თუ არსებობს, რატომ არ ასაჯაროებენ მას ან რატომ არ უჩვენებენ სტუდენტებს?
  5. რამდენად ზარალდებიან სტუდენტები აღნიშნული საგნების დამატებით ფინანსურად და დროის თვალსაზრისით?

ამბის განახლება

აგრარული უნივერსიტეტი ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილის პასუხობს და აცხადებს, რომ მათი პრეტენზიების ადრესატი არა აგრუნის ადმინისტრაცია, არამდეს ის რეგულაციებია, რომელიც სახელმწიფომ გაატარა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, პროგრამაში ცვლილებების შეტანა, რის გამოც ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტებს ახალი სავალდებულო საგნები დაემატათ და სწავლა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ, სახელმწიფოს ინიციატივა იყო.

ნეტგაზეთს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრშიც დაუდასტურეს, რომ ვეტერინარიის პროგრამა რეგილურებადი პროფესია გახდა და მოექცა იმ სტანდარტის ქვეშ, რაც სახელმწიფომ დაუწესა უნივერსიტეტებს. რეგულაციის მიხდვით, აღარ არსებობს ვეტერინარიის ცალკე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა. შედეგად, არსებობს მხოლოდ ინტეგრირებული 5 წლიანი პროგრამა ვეტერინარიაში, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან.

ვეტერინარიის პროგრამა საქართველოში მხოლოდ აგრარულ უნივერსიტეტს დარჩა, ხოლო დანარჩენმა უნივერსიტეტებმა აღნიშნული რეგულაციის და სხვა მიზეზების გამო ეს ფაკულტეტი გააუქმეს.

ვრცლად:

პროგრამაში ცვლილებები სახელმწიფოს ინიციატივა იყო – აგრუნის პასუხი ვეტერინარიის სტუდენტებს

მასალების გადაბეჭდვის წესი