დამატებით 12 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაგიჩერებენ – სია

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ცენტრალური ქუჩების რაოდენობა, სადაც მიკროავტობუსების მძღოლები ვალდებულები იქნებიან, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაუჩერონ მგზავრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააჯარიმებენ.

დამატებით 12 ცენტრალური ქუჩა:

  1. ქეთევან დედოფლის გამზირი;
  2. თამარ მეფის გამზირი;
  3. აკაკი წერეთლის გამზირი;
  4. დავით გურამიშვილის გამზირი;
  5. გრიგოლ რობაქიძის გამზირი;
  6. ნუცუბიძის ქუჩა;
  7. ცოტნე დადიანის ქუჩა;
  8. სულხან ცინცაძის ქუჩა;
  9. ვაჟა ჩაჩავას ქუჩა;
  10. პეტრე ქავთარაძის ქუჩა;
  11. აწყურის ქუჩა;
  12. ჯავახეთის ქუჩა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ ადრე მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ, გაეჩერებინათ ყველგან, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ყველანაირი თვალსაზრისით.

“შარშან, როდესაც დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, შეირჩა 14 ცენტრალური ქუჩა, რაც იყო საპილოტე პროექტი; მძღოლები დავავალდებულეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გაეჩერებინათ მიკროავტობუსები. რა თქმა უნდა, ამ რეგულაციებმა და ცვლილებებმა გაამართლა. შესაბამისად, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 12 ცენტრაულ ქუჩაზე გავრცელდეს ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთშიც გადაჭრან, რაც, პირველ რიგში, მათი უსაფრთხოებისთვის და მძღოლებისთვისაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა:

“ამით ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა საცობების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოვაწესრიგოთ და დავარეგულიროთ”.

14 ცენტრალური ქუჩა, სადაც 1 წელია რეგულაცია მოქმედებს:

  1. ვაჟა-ფშაველას გამზირი
  2. შოთა რუსთაველის გამზირი
  3. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
  4. დავით აღმაშენებლის გამზირი
  5. ილია ჭავჭავაძის გამზირი
  6. მარშალ გელოვანის გამზირი
  7. პეკინის გამზირი
  8. მერაბ კოსტავას ქუჩა
  9. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა
  10. ვახტანგ გორგასლის ქუჩა
  11. ჟიული შარტავას ქუჩა
  12. ჯორჯ ბუშის ქუჩა
  13. დავით აღმაშენებლის ხეივანი
  14. კახეთის გზატკეცილი

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე მოითხოვონ. მათი განმარტებით, ცვლილების მიზანია მგზავრთა უსაფრთხოება და დამატებითი საცობების თავიდან აცილება.

მოსაცდელის გარდა სხვაგან გაჩერებისთვის მიკროავტობუსების მძღოლები დაჯარიმდებიან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.