ახალი ამბები

“ელმავალმშენებლის” მუშებმა ხელფასების მოთხოვნით ღამე გაათიეს

20 მარტი, 2019 • 1338
“ელმავალმშენებლის” მუშებმა ხელფასების მოთხოვნით ღამე გაათიეს

19 მარტს ელმავალმშენებელი ქარხნის მუშებმა განაახლეს საპროტესტო აქციები კუთვნილი ხელფასების მიღების მოთხოვნით. მათმა ნაწილმა პროტესტის პირველი ღამე საწარმოს წინ გაათია. ხვალამდე ხელფასების აუნაზღაურებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, მათ შიმშილობა დაიწყონ.

როგორც ნეტგაზეთს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ვიტალი გიორგაძემ განუცხადა, დამსაქმებელმა პირობა დაარღვია — წერილობითი აღებული ვალდებულებით, მუშებს რამდენიმეთვიანი დავალიანება წინა დღეს უნდა დარიცხოდათ, თუმცა მათ არაფერი მიუღიათ.

გიორგაძის თანახმად, ამჟამად დამსაქმებელს უკვე 8 თვის დავალიანება აქვს: 7 თვის- უშუალოდ ხელფასები, ხოლო ერთი თვის- განაცდური. მისივე თქმით, პროფკავშირები დამსაქმებელთან მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა საუბარია, ჯამში, დაახლოებით 1.7 მილიონ ლარზე.

“თუ დღესაც არ დაერიცხათ ხელფასი, ხვალიდან ალბათ პროტესტის უკიდურეს ზომას — შიმშილობას მიმართავენ”, — განუცხადა ნეტგაზეთს გიორგაძემ.

სს  „ელმავალმშენებლის“ სახელით მარტის დასაწყისში გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც, არსებობს 5 თვის სახელფასო დავალიანება და თანამშრომელთა პრეტენზია ცალსახად კანონიერი და სამართლიანია. “მხოლოდ ფულად სახსრებს ველოდებით მათ გასაცემად”, — ეწერა განცხადებაში.

გარეკანის ფოტოები: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები 6 თვის ანაზღაურების მიღებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი