ახალი ამბები

პრეზიდენტი ინტერვიუებზე სატელევიზიო სტუდიებში არ ივლის

20 მარტი, 2019 • 1158
პრეზიდენტი ინტერვიუებზე სატელევიზიო სტუდიებში არ ივლის

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა თავისი სატელევიზიო ინტერვიუები მხოლოდ ოფიციალურ სასახლეში უნდა ჩაწეროს. დღეს ტვ პირველმა ინგა გრიგოლიას მიერ ზურაბიშვილისგან აღებული ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც პრეზიდენტის სასახლეშია ჩაწერილი.

ინტერვიუს ჩანაწერში ამ საკითხზე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ზურაბიშვილი კამათობენ. პრეზიდენტი ამბობს:

“პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს სტუდიაში იმიტომ, რომ ასეთია წესი და რაღაც წესებს უნდა შევეჩვიოთ, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს ჰგავდეს”. “პრეზიდენტმა თავისი სასახლიდან… სადაც არის დროშა და ატრიბუტიკა, იქიდან უნდა გააკეთოს განცხადება”, – აცხადებს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ეს საკითხი არა მედიასთან, არამედ პროტოკოლთანაა დაკავშირებული.

“ეს არის პროტოკოლის წესი და საერთოდ პროტოკოლის აზრზე არ ვართ”, – ამბობს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ინტერვიუებს მომავალშიც სასახლეში ჩაწერს, თუმცა, თუ ტექნიკური მხარე ამის საშუალებას მისცემს, ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ეთერი და არა ჩანაწერი, როგორც დღევანდელ შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი