ახალი ამბები

“მერკანტილიზმის მამები ამბობენ ამას ჩვენზე” – გირჩის პასუხი საპატრიარქოს

19 მარტი, 2019 • 1844
“მერკანტილიზმის მამები ამბობენ ამას ჩვენზე” – გირჩის პასუხი საპატრიარქოს

გირჩი საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას საპასუხო 6-პუნქიტიანი განცხადებით პასუხობს. გირჩი საპატრიარქოს კონტრბრალდებებს უყენებს.

“საპატრიარქომ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ სინამდვილეში ის დგას სესიაშვილის კანონპროექტის უკან. ჩვენ გვსურს განვმარტოთ, რა წერია ამ ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1. საპატრიარქო თვლის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა არსებობდეს. ანუ თვლის, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, ადამიანი პოლიციის ძალით წაიყვანოს სადმე 1 წლით და აკეთებინოს ისეთი საქმე, რისი კეთებაც მას არ უნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საპატრიარქო თვლის, რომ მონობა მოსულა. ასე ესმით ქრისტიანობა.

2. საპატრიარქო თვლის, რომ მონობა არ მოსულა მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის, რადგან ,,ეს საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა”. მოკლედ, ჩვენი დამონება არ მოსულაო. ჩვენც ბატონები ვართო.

3. საპატრიარქო თვლის, რომ სახელმწიფოში გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული ,,შრომითი სამსახური”(არაშრომითი სამსახურებიც არსებობს სადღაც). ანუ, თუ არ მოგწონს ავტომატით ხელში მონობა, ნიჩბიანი მონა იყავიო, ან რამე სხვა საქმე მოვძებნოთო. მაგრამ 1 წელი მონა აუცილებლად უნდა იყოო. სახარების თავის მითითება დაავიწყდათ, სადაც ეს წერია.

4. საპატრიარქო თვლის, რომ ბიბლიური თავისუფლება არის ,,ფსევდორელიგიური იურიდიული პირი”. ანუ, ზუსტად იციან, რომელი რელიგიაა ნამდვილი და რომელი ცრუ. ტესტი ალბათ იმაზე გადის, რამდენი ჯიპი ჰყავს რელიგიაზე პრეტენზიის მქონე ორგანიზაციას და რამდენი მღვდელმთავარი დასდევს ზემდგომს ციანიდიანი სასმისით.

5. საპატრიარქო თვლის, რომ ბიბლიურ თავისუფლებას მერკანტილური ინტერესები აქვს. ამას თვლის ინსტიტუტი, რომელიც ყოველ წელს იღებს და ირგებს ღატაკი მოსახლეობისთვის გადასახადების სახით წართმეულ 25 მილიონს, ბოლშევიკების მიერ ამ ქვეყნის მოქალქეებისთვის წართმეულ მიწებსა და უძრავ ქონებას, ვაჭრობს ჯვრებით, სანთლებით, ყველით, თაფლით, არყით და პრინციპში ყველაფრით, რისი გაყიდვაც შეიძლება, რომლის წარმოამდგენლებიც მოძრაობენ ათობით ათასი დოლარის ღირებულების მანქანებით და ათასობით ლარის ღირებულების მობილურებით, რომლებიც ყველაფერში ფულს იღებენ ბავშვის ნათლობიდან დაწყებული, მიცვალებულის წესის აგებით დამთავრებული. მერკანტილიზმის მამები ამბობენ ამას ჩვენზე.

6. საპატრიარქო თვლის, რომ ბიბლიური თავისუფლება დაკავებულია ,,ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით’’. ინსტიტუტი, რომელიც დაკომპლექტებულია საბჭოთა სუკის მიერ შერჩეული და შემდეგ მათ მიერ შერჩეული კადრებით, რომელიც გამოირჩევა დეკლარირებულად პრორუსული ხედვებით, რომლის წარმოამდგენლებიც რეგულარულად დადიან რუსეთში და ღიად ხვდებიან კრემლის ერთ-ერთი დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც თავის თავს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდებენ, რომელიც ამ დეპარტამენტის წარმოამდგენლებს სინოდის თითქმის სრული შემადგენლობით ხვდება საპატრიარქოში, ხოლო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმოამდგენლებს რესტორანში პატიჟებს ყავაზე და ეუბნება, რომ ჯერ ტომოსი უნდა წაიკითხოს, რომლის წარმოამდგენლებიც ღიად, დღისით-მზისით ქადაგებენ იმის თაობაზე, რომ დასავლეთი რყვნის, ხოლო რუსეთი, როგორც მესამე რომი, ხსნა არის საქართველოსთვის – აი, ეს ინსტიტუტი ამბობს ჩვენზე, რომ ჩვენ ვართ ანტისახელმწიფოებრივი”, – ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირების სამხედრო სამსახურში გაწვევის დისკუსიაზე განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს თქმით, “უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ”.

“სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ამასთან, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი